ხოჯა დონიერის მავზოლეუმი
ხოჯა დონიერის მავზოლეუმი (უზბეკ. Xo'ja Doniyor maqbarasi) — XV საუკუნის მემორიალური საკულტო ნაგებობა სამარყანდში, უზბეკეთი.
ხოჯა დონიერის მავზოლეუმი უზბეკ. Xo'ja Doniyor maqbarasi | |
---|---|
კოორდინატები | 39°40′24″N 66°59′40″E / 39.673311° ჩ. გ. 66.994506° ა. გ. |
მდებარეობა | სამარყანდი, უზბეკეთი |
თარიღდება | XV საუკუნე |
ისტორია
რედაქტირებალეგენდების მიხედვით XVIII საუკუნეში მავზოლეუმში დაკრძალეს ძველი აღთქმის ბიბლიური წინასწარმეტყველის დანიელის (ისლამური ტრადიციით ხოჯა დონიერი) სხეულის ნაწილები. ეს ის ნაწილებია, რომელიც შესაძლებელია სამარყანდში გააგზავნა შუა აზიელმა დამპყრობელმა და მხედართმთავარმა ამირა თემურმა. ამჟამინდელი მავზოლეუმის შენობა და მთლიანი კომპლექსი აგებულია 100 წლის წინ XX საუკუნის დასაწყისში. მომდევნო წლებში არაერთხელ მოხდა როგორც თავად მავზოლეუმის, ასევე მთელი კომპლექსის რეკონსტრუქცია.
ხოჯა დონიერის მავზოლეუმი და კომპლექსი მდებარეობს ქალაქ სამარყანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ძველი ქალაქის აფრასაიბის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მცირე მაღლობზე, პატარა მდინარე სიაბის ნაპირზე[1].
აბუ ტაჰირხოჯა სამარყანდის (სრული სახელი მირ აბუ ტაჰირ იბნ კაზი აბუ საიდ სადრ სამარყანდი) ისტორიული წიგნის „სამარიას“ თანახმად, წინასწარმეტყველი დონიერი (დანიელი) წარმოადგენდა არაბული ისლამის ერთ-ერთი მქადაგებლის კუსამა იბნ აბასის თანამოღვაწეს და თანამოაზრეს, რომელმაც ითამაშა გადამწყვეტი როლი სამარყანდში და მის გარშემო დასახლებებში ისლამის გავრცელებაში. ქრისტიანობაში წინასწარმეტყველი დანიელი ერთ-ერთი ე. წ. „დიდი წინასწარმეტყველია“ და ავტორია ძველი აღთქმის ერთ-ერთი ბიბლიური წიგნისა, რომელსაც ეწოდება წინასწარმეტყველება დანიელისა. ასევე ერთ-ერთი პატივსაცემი წინასწარმეტყველია დანიელი იუდაიზმში[2].
წინასწარმეტყველ დონიერის (დანიელის) სამარხის შექმნა მიეწერება შუააზიელ დამპყრობელსა და მხედართმთავარს ამირა თემურს, რომელმაც 1400-იანი წლების დასაწყისში მისი წმინდა ნაწილები ჩაიტანა სამარყანდში და მისი დაკრძალვის ადგილზე ააშენა მეჩეთი. წინასწარმეტყველის სხეულის ნაწილები თემურლენგმა ჩაიტანა ქალაქ სუზიდან (თანამედროვე ირანი), მცირე აზიაში 1399-1404 წლების ლაშქრობის პერიოდში. გადმოცემის თანახმად, როდესაც თემურლენგის ქარავანი მიუახლოვდა სამარყანდს, შეჩერდნენ მდინარე სიაბის ნაპირზე, ხოლო ის ცხენი, რომელსაც მიჰქონდა წინასწარმეტყველის ნეშტი შეჩერდა სწორედ იმ ადგილას სადაც ახლა საფლავი მდებარეობს. თემურლენგმა მიიღო გადაწყვეტილება სწორედ იმ ადგილზე დაესაფლავებინათ წინასწარმეტყველი სადაც ცხენი შეჩერდა. ასევე გადმოცემის თანახმად ცხენის ჩლიქის დარტყმის ადგილზე გაჩნდა წყარო, რომელიც სამკურნალო გახდა[3].
მავზოლეუმის მშენებლობის შემდეგ, წლების განმავლობაში, ლეგენდის მიხედვით, საფლავი გაიზარდა და მიაღწია 17 მეტრს. მავზოლეუმის შიგნით არის გრძელი დაჰმა, სადაც დაკრძალულია წინასწარმეტყველი. კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს წყარო , რომელიც წმინდა და მკურნალ წყაროდ მიიჩნევა[4].
1996 წელს სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II ესტუმრა უზბეკეთს, ამ ვიზიტის ფარგლებში მოინახულა სამარყანდი, კერძოდ ხოჯა დონიერის მავზოლეუმი. მან აქ აკურთხა ფსტის ხე[5].
2001 წელს ქალაქი სამარყანდი და მისი ღირსშესანიშნაობები, მათ შორის ხოჯა დონიერის მავზოლეუმი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში სახელწოდებით „სამარყანდი - კულტურათა გზაჯვარედინი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- უზბეკეთის ეროვნული ენციკლოპედია დაარქივებული 2017-12-06 საიტზე Wayback Machine.