ხორხელის კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელში. ალაზნის ვაკეზე, მდინარე ხოდაშნისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას, ახმეტიდან 14 კილომეტრზე. კოშკი დგას სოფლის აღმოსავლეთით 450 მეტრზე. თარიღდება XVIII საუკუნის მეორე ნახევრით. კოშკი გარედან მრგვალია (გარე დიამეტრი ფუძესთან 8 მ) და ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება. ნაგებია შერჩეული რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. შემორჩენილია მხოლოდ სართულნახევარი.

პირველი სართული რვაწახანგა ოთახია. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კარი შეისრული თაღითაა გადახურული და გარედან ჩასმულია კედლის ოდნავ შეღრმავებულ სწორკუთხა არეში, რომელსაც აგურის საფეხუროვანი ფრიზი აქვს. დანარჩენი შვიდი წახნაგიდან ერთში მეორე სართულზე ასასვლელი კიბის უჯრედში შესასვლელია, ერთში ბუხარი, ხუთში - ღრმა შეისრულთაღოვანი თითო ნიში, რომლებსაც წახნაგის თითქმის მთელი სიგანე უჭირავთ. მათგან სამში თითო სათოფურია, დანარჩენები ყრუა. სართული დადაბლებული პროპორციების გუმბათოვანი კამარითაა გადახურული. კამარაში ორი სარკმელია. მათი ხვრელობები გარეთკენ მკვეთრად მაღლდება. პირველი სართული მეორეს უკავშირდებოდა კედელში მოწყობილი კიბით, კიბის უჯრედში შესასვლელი მაღალია და შეისრული თაღი ხურავს. მეორე სართული კვადრატული ოთახია, შემორჩენილი კედლები ყრუა. გარედან კოშკის კედელი მობათქაშებულია. შესასვლელის თავზე, აგურის წყობით მაღალი, შეღრმავებული ჯვარია გამოსახული.

ლიტერატურა

რედაქტირება