ხორვატიის რესპუბლიკაში ეროვნულ უმცირესობათა უფლებების კონსტიტუციური აქტი
ხორვატიის რესპუბლიკაში ეროვნულ უმცირესობათა უფლებების კონსტიტუციური აქტი (ხორვატიულ ენაზე: Ustavni zakon o pravima nacionalnih manjina) არის საკონსტიტუციო აქტი, რომელიც განსაზღვრავს ხორვატიაში ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს. ის არის ხორვატიულ საკანონმდებლო სისტემაში შემავალი ჯამში სამი საკონსტიტუციო აქტიდან ერთ-ერთი (დანარჩენი 2 აქტის სახელწოდებებია: ხორვატიის კონსტიტუციის განხორციელების საკონსტიტუციო აქტი და ხორვატიის საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური აქტი). მიმდინარე ფორმით, აქტი ძალაში შევიდა 2002 წლის 23 დეკემბერს.[1] ხოლო ადრეული ვერსიის სახით, კერძოდ, ეროვნული და ეთნიკური თემებისა და უმცირესობების კონსტიტუციური აქტის სახელწოდების ქვეშ, ის, როგორც წინაპირობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკისგან დამოუკიდებლობის აღიარებისთვის, მიიღეს 1991 წლის დეკემბერში. აქტი იერარქიულად ექვემდებარება ხორვატიის კონსტიტუციას და შეესაბამება მას, მაგრამ დგას ჩვეულებრივი სახელმწიფო კანონებისა და გადაწყვეტილებების და ხელისუფლების დაბალი დონეების სტატუტებსა და გადაწყვეტილებებზე მაღლა. დამატებით, 2 სპეციალური კანონი შეიქმნა, რათა განესაზღვრა უმცირესობათა ენებზე განათლების მიღებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უმცირესობათა ენების გამოყენების უფლებები (კანონი ეროვნულ უმცირესობათა ენებისა და დამწერლობების გამოყენების შესახებ და კანონი ეროვნულ უმცირესობათა ენასა და დამწერლობაზე განათლების შესახებ).[2] გარდა ამისა, ხორვატიის კონსტიტუციას თავად აქვს მუხლები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ეროვნული უმცირესობების დაცვას და, ამავე დროს, ადგენს ხორვატიაში ეროვნული უმცირესობების სიას.
ისტორია
რედაქტირებაკონსტიტუციური აქტი ეროვნული თემების და უმცირესობების შესახებ
რედაქტირება1991 წლის დეკემბერში, ხორვატიის პარლამენტმა მიიღო "კონსტიტუციური აქტი ხორვატიის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების და თავისუფლებების და ეროვნული და ეთნიკური თემების და უმცირესობების უფლებების შესახებ", რაც იყო ხორვატიის საერთაშორისო აღიარების წინაპირობა.
იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის პერიოდიდან მოყოლებული, ხორვატიამ მემკვიდრეობით მიიღო და აღიარა კოლექტიური უმცირესობების უფლებების დაცვის შედარებით მაღალი დონე. გაჩნდა პრობლემა "ახალი უმცირესობების" დაცვასთან დაკავშირებით, სახელდობრ, ყოფილი სახელმწიფოს წარმომადგენელი 6 ერი, ხორვატების გამოკლებით (ესენი იყვნენ: სერბები, სლოვენები, ბოსნიელები, მაკედონელები და მონტენეგროელები). პრობლემა განსაკუთრებით წარმოიშვა ხორვატიის სერბებთან მიმართებაში, რომლებსაც ჰქონდათ ავტონომიური ხალხის სტატუსი ხორვატიის სოციალისტური რესპუბლიკის შიგნით.
1992 წელს ხორვატიამ შეცვალა კანონი იმ მიზნით, რომ მიენიჭებინა პოლიტიკური ავტონომიის უფლება ადგილებისთვის, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რეალურად უმცირესობები შეადგენდნენ. წარმომადგენლობის უფლებისა და ფართო კულტურული ავტონომიის გარდა, კანონი ახლა უზრუნველყოფდა ავტონომიური ოლქების შექმნასაც იმ სივრცეებში, სადაც 1981 წელს იუგოსლავიაში ჩატარებული აღწერის მიხედვით, უმცირესობები მობინადრეების უმრავლეოსობას წარმოადგენდნენ. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ეს დადგენილება არასდროს განხორციელებულა, რადგან ტერიტორიები, რომელიც აკმაყოფილებდა ამ პირობებს, სერბთა რესპუბლიკა კრაინას ნაწილი იყო.
კონსტიტუციური კანონი უზრუნველყოფდა მისი განხორციელებისთვის საჭირო 2 სახის მონიტორინგს - პირველი იყო საერთაშორისო მონიტორინგი, ხოლო მეორე - მისი განხორციელებისთვის საჭირო თანამშრობლობა ავტონომიურ ოლქებთან.
1995 წლის სექტემბრის მიწურულს, ოპერაცია შტორმის შემდეგ, ხორვატიამ დაიბრუნა კონტროლი მთელ მის ტერიტორიაზე, გარდა აღმოსავლეთ სლავონიის, ბარანჯასა და დასავლეთ სირმიის რეგიონისა, რომელიც მოექცა გაეროს მშვიდობიანი გარდამავალი ადმინისტრაციის (UNTAES) მმართველობის ქვეშ. თავდაპირველად, ხორვატიის პარლამენტმა დროებით შეაჩერა პოლიტიკური ავტონომიის მინიჭების უფლების თაობაზე საკანონმდებლო დადგენილების განაცხადის წარმოება, რამაც საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია.[3]
ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანების დაწყების ერთ-ერთი პირველი წინაპირობა იყო ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებ ახალი კანონის მიღება.
უფლებები
რედაქტირებაწარმომადგენლობის უფლება
რედაქტირებახორვატიის პარლამენტი
რედაქტირება"ეროვნული უმცირესობების უფლებების შესახებ კონსტიტუციური აქტის" თანახმად, ეროვნულ უმცირესობებს, რომლებიც ხორვატიის მთელი მოსახლეობის 1,5%-ზე მეტს შეადგენენ (მხოლოდ ხორვატიის სერბები), მინიჭებული აქვთ ხორვატიის პარლამენტში მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3 ადგილის დაკავების უფლება. ხოლო უმცირესობებს, რომლებიც წარმოადგენენ მთელი მოსაახლეობის 1,5%-ზე ნაკლებს (ე.ი. ხორვატიის სერბების გარდა სხვა უმცირესობები), შეუძლიათ ჯამში პარლამენტის 4 წევრის არჩევა.
კანონმა აკრძალა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პარლამენტის სპეციალური საარჩევნო ოლქების დაწესება.
რეგიონული და ადგილობრივი დონე
რედაქტირება"ეროვნულ უმცირესობათა უფლებების კონსტიტუციური აქტის" მიხედვით, მუნიციპალიტეტებში, ქალაქებსა და დაბებში, სადაც უმცირესობების წევრების რაოდენობა მერყეობს 5%-დან 15%-მდე, უმცირესობებს უფლება აქვთ ჰყავდეთ ერთი წარმომადგენელი ადგილობრივ საბჭოში. თუ ეს მაჩვენებელი არის 15%-ზე მეტი, ან ოლქის დონეზე მოსახლეობის 5%-ზე მეტი, მაშინ მათ უფლება ენიჭებათ მოითხოვონ ადგილობრივ და რეგიონულ საბჭოებში პროპორციული წარმომადგენლობა.
იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც ეროვნულ უმცირესობებს წარმომადგენლობით საბჭოებში აქვთ პროპორციული სისტემით ყოფნის უფლება, მათ იგივე უფლებები ენიჭებათ აღმასრულებელ ორგანოებშიც. უმცირესობებს აქვთ მუნიციპალიტეტის/დაბის/ქალაქის მერის ან ოლქის პრეფექტების მოადგილეების არჩევის უფლება.
ეროვნულ უმცირესობებს აქვთ მთავრობის ორგანოებსა და მართლმსაჯულების სისტემაში იმ პროპორციით წარმომადგენლობის ყოლის უფლება, რა პროპორციითაც ისინი არიან წარმოდგენილნი მათი ორგანოს მიერ მართული დასახლების მობინადრეებში.
იმ მიზნით, რომ მოხდეს ამ უფლებების რეალიზება, ეროვნული უმცირესობის წევრებს აქვთ დასაქმების ბაზარზე მათთვის პრიორიტეტის მინიჭების უფლება. ეს ხდება, მაშინ, როცა ისინი ცალსახად იყენებენ ამ უფლებას განაცხადის წარდგენის დროს, ან მაშინაც, როცა სხვა კანდიდატების მსგავსად აკმაყოფილებენ ყველა სხვა კრიტერიუმს.
სახელმწიფო საბჭო ეროვნული უმცირესობებისთვის
რედაქტირება"სახელმწიფო საბჭო ეროვნული უმცირესობებისთვის" არის ავტონომიური ქოლგა ორგანო სახელმწიფო დონეზე, რომელიც აერთიანებს ხორვატიაში ეროვნული უმცირესობების ინსტიტუტებსა და ინტერესებს. ის არის ორგანო, რომელიც "ეროვნული უმცირესობების კონსტიტუციური კანონის" ფარგლებში უმკლავდება უმცირესობების ყოვლისმომცველ საკითხებს და, ასევე, ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებულ სხვა კანონებსაც.
საბჭო უფლებამოსილია ხორვატიის პარლამენტსა და მთავრობას შესთავაზოს ეროვნული უმცირესობების შესახებ დისკუსიები, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება საკონსტიტუციო კანონის და ეროვნული უმცირესობების უფლებების მარეგულირებელი სპეციალური კანონების აღსრულებას. საბჭოს უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები სახალხო რადიო და სატელევიზიო სადგურების პროგრამების შესახებ, ისევე, როგორც წარადგინოს წინადადებები ეკონომიკური, სოციალური და სხვა ზომების განხორციელების შესახებ იმ რეგიონში, რომელიც ტრადიციულად ან უმეტესწილად დასახლებულია ეროვნული უმცირესობებით. გარდა ამისა, საბჭოს უფლება აქვს მოიძიოს და მიიღოს მოთხოვნილი მონაცემები და ანგარიშები სამთავრობო ორგანოებიდან, ისევე, როგორც ადგილობრივი ან რეგიონული თვითმართველობებიდან.
აღსანიშნავია, რომ საბჭოში არის სამი სახის წარმომადგენლობა: 1) ყველანაირი უმცირესობის დეპუტატები ავტომატურად შედიან საბჭოში; 2) მეორე ჯგუფი, რომელიც შედგება 5 წევრისგან, ერთი მხრივ, არის პროფესიული, კულტურული, რელიგიური და სამეცნიერო საზოგადობებიდან წამოსული ეროვნული უმცირესობების წევრთა ნაკრები, ხოლო, მეორე მხრივ - უმცირესობების ასოციაციების წარმომადგენელთა ნაკრები. თავის მხრივ, ეს ასოციაციები ინიშნება მთავრობის მიერ და მასში წევრიანდებიან ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებული მოქალაქეები და სამართლებრივი გაერთიანებები; და ბოლოს, 3) მესამე ჯგუფი, რომელიც შედგება ეროვნული უმცირესობების საბჭოს 7 წევრისგან.[4]
ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები
რედაქტირებასერბების ეროვნული საბჭო
რედაქტირებასერბების ეროვნული საბჭო (ხორვატიულ ენაზე: Srpsko narodno vijeće, სერბული კირილიცა: Српско народно вијеће) არის არჩეული პოლიტიკური, საკონსულტაციო და საკოორდინაციო ორგანო, რომელიც მოქმედებს, როგორც ხორვატიის სერბების კულტურული ავტონომიის ინსტიტუტი და თვითმმართველობის ფორმა. საბჭოს მიზანია ხორვატიის სერბების სამოქალაქო უფლებებისა და კულტურული იდენტობის დაცვა.[5] საბჭოს ძირითადი ფოკუსი არის ადამიანური, სამოქალაქო და ეროვნული უფლებები, ისევე, როგორც ხორვატიულ საზოგადოებაში სერბების მონაწილეობა, ინტეგრაცია და ხორვატიული იდენტობის დღის წესრიგში სერბების საკითხები.[6] საოლქო დონის საბჭო არსებობს ქალაქ ზაგრებში და ყველა ოლქში, გარდა კრაპინა-ზაგორჯის ოლქისა.[7]
მუნიციპალიტეტების გაერთიანებული საბჭო
რედაქტირება"სერბების ეროვნული საბჭოს" გარდა, ოსიეკ-ბარანჯასა და ვუკოვარ-სირმიის ოლქებში სერბული ეთნიკური თემის ინტერესებს დამატებით წარმოადგენს "მუნიციპალიტეტების გაერთიანებული საბჭო", უნიკალური ორგანო, რომელიც შეიქმნა "ერდუტის შეთანხმების" საფუძველზე. ორგანიზაცია ფუნქციონირებს, როგორც ეროვნული მაკოორდინირებელი ორგანო ამ ორ ქვეყანაში (სერბეთი და ხორვატია).
კანონის განხორციელების სამოქმედო გეგმა
რედაქტირებახელისუფლებამ მიიღო რეგულარული 2 წლიანი სამოქმედო გეგმა ზემოთ აღნიშნული საკონსტიტუციო კანონის განსახორციელებლად. მაგალითად, 2011-2013 წლების სამოქმედო გეგმისთვის მთავრობამ გამოყო 143 704 348 ხორვატული კუნა.[8]
კრიტიკა
რედაქტირებასაკონსტიტუციო კანონის მიღებიდან 10 წლის თავზე, "სერბთა დემოკრატიულმა ფორუმმა" გააკეთა განცხადება, სადაც ამტკიცებდა, რომ კანონი ემსახურებოდა უბრალოდ უმცირესობების ელიტების და არა - თავად ეროვნული უმცირესობების უფლებების გაძლიერებას. მათი თქმით, საკონსტიტუციო კანონი უბრალოდ იყო კარგი სურვილებისა და ევროპული სტანდარტების კრებული, რომელიც მუდმივ წინააღმდეგობას განიცდის სახელმწიფოს მხრიდან და ადგილობრივ დონეებზეც. მათ ისიც დაამატეს, რომ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოებმა ვერ შეასრულეს საკუთარი როლი და იქცნენ ორგანოებად, რომლებიც ვერ ასრულებენ ვერავითარ რეალურ როლსა და ფუნქციას ადგილობრივ თემებში. და, ეს იმის ფონზე, რომ ეროვნულ უმცირესობათა საბჭო იქცა პოლიტიზირებულ ინსტიტუტად, რომლის მეშვეობითაც უმცირესობის ელიტები ატარებენ პირად და არა საკუთრივ თემის ინტერესებს.[9]
2011 წელს, ხორვატიის საკონსტიტუციო სასამართლომ, "მემარცხენე ხორვატიის", "სერბთა დემოკრატიული ფორუმის", "ხორვატიის ჰელსინკის კომიტეტის" და არასამთავრობო ორგანიზაციის "GONG" მოქმედებების შემდეგ, აკრძალა იმ კანონის წარდგენა, რომელიც იძლეოდა გარანტიას, რომ სერბების უმცირესობა აირჩევდა პარლამენტის 3 წევრს ერთ-ერთ რეგულარულ საარჩევნო ოლქში. ეს დადგენილება მიჩნეული იყო, როგორც კომპრომისი სერბების თემის წარმომადგენლებსა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრ იადრანკა კოსორის მთავრობას შორის, რამდენადაც მანამდე ცენტრალურმა მთავრობამ ყველა უმცირესობას მიანიჭა ორმაგი ხმის მიცემის უფლება, გარდა სერბებისა. სასამართლომ განმარტა, რომ არავის არ უნდა ჰქონოდა პარლამენტში ადგილების დაკავების გარანტია, თუმცა, მთავრობას შეეძლო დაენერგა ორმაგი ხმის მიცემის უფლება ყველა უმცირესობისთვის სპეციალურ უმცირესობათა საარჩევნო და რეგულარულ ტერიტორიულ ოლქში.[10]
იხილეთ ასევე
რედაქტირება- ხორვატიის უმცირესობების ენები
- პარლამენტის აქტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Vlada Republike Hrvatske. Provedba Ustavnog zakona o pravima nacionalnih manjina u Republici Hrvatskoj (in Croatian). ციტირების თარიღი: 3 May, 2014
- ↑ Ured za ljudska prava i prava nacionalnih manjina. Pravo pripadnika nacionalnih manjina na zastupljenost u predstavničkim i izvršnim tijelima na državnoj i lokalnoj razini, te u tijelima državne uprave, pravosudnim tijelima i tijelima uprave jedinica lokalne i područne (regionalne) samouprave (in Croatian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 3 May 2014
- ↑ Vasiljeviæ, SnjeŘana (Faculty of Law, University of Zagreb). Pravni aspekti zaštite manjina u procesu stabilizacije i pridruživanja (in Croatian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-30. ციტირების თარიღი: 3 May, 2014
- ↑ State Council for National Minorities. O savjetu (in Croatian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2022. ციტირების თარიღი: 14 March 2015
- ↑ About SNV. Serb National Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-27. ციტირების თარიღი: 2015-03-14
- ↑ Serbian National Council. UNHCR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-03. ციტირების თარიღი: 2015-03-14
- ↑ MANJINSKA SAMOUPRAVA. Independent Democratic Serb Party. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2015-03-14
- ↑ Partnerstvo za društveni razvoj, Zagreb. Ostvarivanje prava srpske nacionalne manjine (in Croatian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 3 May 2014
- ↑ Poslovni dnevnik. 'Ustavni zakon ojačao manjinske elite, a ne prava nacionalnih manjina' (in Croatian). ციტირების თარიღი: 3 May 2014
- ↑ Dnevnik.hr. Ustavni sud ukinuo zakon koji Srbima jamči tri zastupnika (in Croatian). ციტირების თარიღი: 3 May 2014