ხორბალოს ღვთისმშობლის ეკლესია (მცირე)
ხორბალოს ღვთისმშობლის ეკლესია (მცირე) — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორბალოში, დგას სოფლის აღმოსავლეთით, 1,5 კილომეტრზე, მინდორში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (5,4 X 3,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და კირის დუღაბით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია გადახურვა; დანგრეულია კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი; შენობა, თითქმის მთლიანად, ხეებითა და ბუჩქებითაა დაფარული. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, ფართო თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო კვადრატული ნიშია. აფსიდში დგას კუბური ფორმის ტრაპეზი. აბსიდი გადახურული ყოფილა კონქით, რომლისგანაც მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა. დარბაზის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სარკმლის კვალია შემორჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 170.