ხოვლეს წმინდა გიორგის საყდარი

ხოვლეს წმინდა გიორგის საყდარიეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში. მდებარეობს სოფლიდან 5 კილომეტრზე, მდინარე ხეხმელას მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება VI-VII საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (7,8 X 7,7 მ), ნაგებია თლილი მოწითალო, ხორბლისფერი ქვით. სამხრეთიდან მიშენებული აქვს დაბალი ეგვტერი. ეკლესიაში შესასვლელი ეგვტერიდანაა. მეორე შესასვლელი ეკლესიის დასავლეთ კედელშია. ორივე შესასვლელი განიერია, გარედან არქიტრავული, შიგნიდან თაღოვანი. როგორც ეკლესიის, ისე ეგვტერის აფსიდები ნალისებრია, ასეთივე ფორმა აქვს კონქების თაღებსაც. ორივე სათავსის საკურთხეველში თითო განიერი სარკმელია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. ეკლესიაში დაცულია სამმალიანი კანკელი, რომელიც ორი, სხვადასხვა ხანის, ფრაგმენტისაგან შედგება. კანკელი პირველად XI-XII საუკუნეებში დაუდგამთ. მისგან შემორჩა მხოლოდ ექვსი პროფილირებული სვეტი და გაშლილი ფოთლების რელიეფით მორთული კაპიტელი, რომელიც მოგვიანებით, შეკეთების დროს ეგვტერის კონქის კონსოლად გამოუყენებიათ. მეორე კანკელი თაბაშირით აღუდგენიათ XIV საუკუნეში. მარყუჟებით შეკრული ფესტონებიანი თაბაშირის თაღები გაუკეთებიათ და შიგ დაუდგამთ თაბაშირისვე ფილები, რომლებზეც ამოჭრილია გეომეტრიული წნულის მედალიონები და ჩარჩო. როგორც ჩანს, ეს კანკელიც დანგრეულა და მისი ხელმეორედ აწყობის დროს ზოგი ნაწილი თავის ადგილას არ ჩაუსვამთ.

ეკლესიის დასავლეთ კედელზე და აფსიდში შემორჩენილია მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. სტილისტური ნიშნებით მოხატულობა XII საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს.

ფასადების დეკორიდან შემორჩენილია აღმოსავლეთ სარკმლის თავსართის ფრაგმენტი. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ფასადებზე, გვიანდელი შეკეთების დროს, რუხი ფერის დაუმუშავებელი ხის ფილები ჩაუსვამთ.

ლიტერატურა

რედაქტირება