ხავსის სოკო, ხავსა სოკო (ლათ. Xerocomus) — ქუდიანი მილოვანი სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა. ქუდის დიამეტრია 5–12 სმ, მისი ზედაპირი მურა-ზეთისხილისფერი, წაბლისფერი, მშრალი და ზოგჯერ ნაპრალიანია. მილოვანი შრე (ქუდის ქვედა მხარეზე) მსხვილი შრეებითაა, ფერად ყვითელი ან მომწვანო-ყვითელი. ფეხი ცილინდრულია, გლუვი ან ბოჭკოვანი, რგოლის გარეშე. მოიცავს 18 სახეობას (ზოგი წყაროთი უფრო მეტსაც), რომლებიც უპირატესად ზომიერ სარტყელში არიან გავრცელებული. მიკორიზას წარმოქმნიან ხეების ფოთლოვან და წიწვოვან ჯიშებთან, იშვიათად ნიადაგის საპროტროფები და ქუდიანი სოკოების პარაზიტები (2 სახეობა) არიან. ხშირად გვხვდება საკვებად ვარგისი მწვანე ხავსის სოკო (X. subtomentosus), რომელსაც ზეთისხილისფერ-ყვითელ-მურა ხავერდოვანი ქუდი და მოთეთრო, გადატეხილზე ოდნავ გალურჯებული რბილობი აქვს, და ჭრელი ხავსის სოკო (X. сhrysenteron), რომელიც გამოირჩევა მშრალი ქეჩისებრი ჟანგმიწოვან-რუხი ქუდით, სკდომადი კანით, რის გამოც რბილობი გალურჯებას იწყებს. პირველი იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, მეორე — შერეულ და ფოთლოვანში. საგემოვნო თვისებების მიხედვით, ყველაზე ძვირფასი სოკოა წაბლისფერი ხავსის სოკო (X. badius; მრავალი წყარო Imleria-ს გვარში აერთიანებს), მუქი მურა ან წაბლისფერი წებოვანი ქუდითა და მკრთალი ყვითელი, ხელის დაჭერის შემთხვევაში — ლურჯ-მწვანე, მილოვანი შრით. რბილობი თეთრი ან მკრთალი ყვითელია, გადატეხისას ლურჯდება.[1]

ხავსის სოკო

მწვანე ხავსის სოკო (Xerocomus subtomentosus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Xerocomus (Quél. (1887)
  1. Гарибова Л. В. МОХОВИК // Большая российская энциклопедия. т. 21. — М., 2013. — стр. 343.