ჭონთიოს ციხე-სახლი
ჭონთიოს ციხე-სახლი — ციხე-სახლი ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ნასოფლარ ჭონთიოს ტერიტორიაზე (ომალოს თემში), ნასოფლარის განაპირას. განეკუთვნება XVIII საუკუნეს.
შენობა (6,5 X 6,8 მ) ხუთსართულიანია. აღმოსავლეთიდან ეკვრის გვიანდელი მინაშენი. ორივე ნაგებობა ფიქლითაა ნაშენი. ციხე-სახლის II და III სართულების კედლები შიგნიდან მიწანარევი ნაკელითაა შელესილი. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია ციხე-სახლის V სართულის კედლების ზედა ნაწილები და სართულშუა გადახურვა, დანგრეულია მინაშენის უმეტესი ნაწილი.
ციხე-სახლის I სართულს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, მიწის დონიდან 1,4 მეტრის სიმაღლეზე. ამ სართულზე, სამხრეთ კედელში, ერთი სათოფურია, აღმოსავლეთ კედელში მცირე ზომის სწორკუთხა ნიში. შესასვლელი II სართულზეც სამხრეთიდანაა, მიწიდან 3,25 მეტრის სიმაღლეზე. ამავე კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია. აღმოსავლეთ კედელში ორი ნიშია, ხოლო ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში – თითო-თითო. III სართულზე კარი აღმოსავლეთით არის. იგი ამ სართულს აკავშირებდა მინაშენის II სართულთან. ამავე კედელში საკვამლე ხვრელია. სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია, დასავლეთისაში – სათოფური და ნიში, ხოლო ჩრდილოეთისაში – ნიში. IV სართულზე აღმოსავლეთ კედელში კარი, სარკმელი და სათოფურია, სამხრეთ კედელში კი ერთი დიდი სათოფური და ერთი ნიში. დასავლეთ კედელში ორი სათოფურია, ჩრდილოეთისაში – ერთი. I სართული სამეურნეო დანიშნულებისა იყო, II, III და IV – საცხოვრებელი, V – სათავდაცვო. სართულები მისადგმელი კიბით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს.
მინაშენი (4,8 X 4,8 მ) ორსართულიანია. I სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. სამხრეთ კედელში პატარა სარკმელია, ჩრდილოეთისაში – ორი ნიში. II სართულზე შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, ამავე კედელში ერთი ნიშია. სამხრეთ კედელში შემორჩენილია კარის წირთხლი. მინაშენს საქონლის სადგომად იყენებდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 163-164.