ჭირაქაძე — ქართული გვარი, წარმოშობით არის სოფელ ხახულიდან (სამხრეთი საქართველო, იმიერ-ტაო, დღევანდელი ბაღ-ბაში თურქეთი). ჭირაქაძეები წამოჰყოლიან ხახულის ღვთისმშობლის ხატს და დამკვიდრებულან გელათში. სავარაუდოდ, ეს ამბავი, XII საუკუნის I ნახევარში ხატის გელათში გადმოსვენებასთან ერთად მოხდა.

2014 წლის 11 იანვარს ჭირაქაძეთა საგვარეულოს მფარველი ხახულის ხატის ასლი დაბრძანდა გელათში საკურთხევლის გვერდით, იმ ისტორიულ ადგილზე, სადაც საუკუნეების მანძილზე დაბრძანებული იყო ხახულის ღთისმშობლის ხატი (დედანი).

ჭირაქაძის გვარი ფუძით სახლობს მხოლოდ იმერეთში, ქუთაისის ირგვლივეთში, კერძოდ — გელათსა და გოდოგანში; ჭირაქაძის გვარი, XX საუკუნის 20-იან წლებამდე სასულიერო წოდების მატარებლები იყვნენ; ეტიმოლოგია ფუძეში გამოგვაყოფინებს თურქულ çirak — „მსახურს“, „ყმას“; სავარაუდოდ, გვარის სემანტიკური ფუძე შეიძლება იყოს „ხატის ყმა“ (ალბათ იგულისხმება „ხახულის ღვთისმშობლის ხატის ყმა“); ცნობილმა ქართველმა ემიგრანტმა ჟურნალისტმა სევერიან ჭირაქაძემ თავის ერთადერთ ვაჟს სახელად დაარქვა ხახული.

ჭირაქაძეთა გვარი წარმოშობით არის ტაოდან, კერძოდ სოფელ ხახულიდან (ამ სოფელს დღეს თურქულად ეწოდება ბაღ–ბაში). თურქების მიერ დაპყრობილ ტაოში ქრისტიანი მოსახლეობის დევნის გამო ჭირაქაძეთა წინაპარი გვარი (თუ ოჯახი) შეეფარა გელათის სავანეს, რადგან იქ ეგულებოდა ერთიანი საქართველოს უმთავრესი სიწმინდე — ხახულის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი და იტვირთა ამ სიწმინდის მსახურება. ამიტომაც იყო, რომ მეოცე საუკუნის ოციან წლებამდე ჭირაქაძეთა გვარის წარმომადგენელთა უმრავლესობა სამღვდელოებას ეკუთვნოდა (როგორც ჩანს, ეს გვარი ტაოშიც სამღვდელო უნდა ყოფილიყო, რადგან ოშკის სავანეში იოანე კიბისაღმწერელის თხზულების ქართული თარგმანის გადამწერელად იხსენიება იოანე ჩირაქი 977 წელს).

2010 წლის 25 სექტემბერს დაფუძნდა ჭირაქაძეთა საგვარეულო კავშირი. აირჩიეს საგვარეულო კავშირის გამგეობა და გვარის წინამძღოლი. საგვარეულო კავშირის გადაწყვეტილებით, ჭირაქაძეთა საგვარეულოს წევრად შეიძლება ჩაითვალოს ყოველი პიროვნება, რომელსაც ამ გვართან აკავშირებს სისხლისმიერი ნათესაობა როგორც მამის, აგრეთვე დედის ხაზით (ჰყავს დედა ან ბებია ჭირაქაძის გვარისა ან არის მეუღლე ჭირაქაძისა) და აქვს ამ კავშირის წევრობის სურვილი. საგვარეულო კავშირის ყრილობამ დაადგინა, რომ ჭირაქაძეთა გვარის მფარველ ხატად აირჩიოს ხახულის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი და დაამზადოს მისი ფოტოასლი, რათა ამ ხატით დალოცოს გვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

2011 წლის 30 იანვარს, კვირას, სამეუფეო წირვის შემდეგ, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა ჭირაქაძეების გვარი და აკურთხა გვარის მფარველი ხახულის ღვთისმშობლის ხატი (ასლი). 2011 წლის 16 დეკემბერს ჭირაქაძეთა საგვარეულოს მფარველმა ხატმა იწყო მირონდენა. ხატს დაუმზადდა ლუსკუმა და სპეციალური სადგამი. დაიწერა ტროპარი.

2014 წლის 11 იანვარს ჭირაქაძეთა საგვარეულოს მფარველი ხახულის ხატის ასლი დაბრძანდა გელათში საკურთხევლის გვერდით, იმ ისტორიულ ადგილზე, სადაც საუკუნეების მანძილზე დაბრძანებული იყო ხახულის ღთისმშობლის ხატი (დედანი).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სვეტლანა კვიკვინია. ფერიცვალება. იღუმენი ელისე., გამომცემლობა „მერიდიანი“, გვ. 171, 2009;
  • მანანა ჭირაქაძე. ინტერვიუ ჭირაქაძეების გვარის წარმოშობის შესახებ , 2010;
  • გურამ შარაძე. უცხოეთის ცის ქვეშ, წგნ. 1, თბ., 1991;
  • რევაზ ჭირაქაძე. ჭირაქაძეთა საგვარეულოს მფარველი ხახულის ხატის ასლის დაბრძანება გელათში, 2014;
  • ალექსანდრე ნაზღაიძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, თბილისი 1998;
  • ამირან-ლაზარე სინაურიძე „რეტროსპექციული ვარიაციები. დავით წერეთელი“ მართლმადიდებლური ჟურნალი „კარიბჭე“ N19, 24/09/2014. ISSN 1987-5045.