ჭეშოს კოშკები
ჭეშოს კოშკების კომპლექსი — კოშკების კომპლექსი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ჭეშოს ტერიტორიაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
კომპლექსი შედგება ფერდობის დაყოლებით ერთ ხაზზე განლაგებული და ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით (დაახლოებით 200 მ) დაშორებული, სამი კოშკისაგან. სამივე კოშკი გეგმით კვადრატულია, ზემოთკენ შევიწროვებული. ნაშენია ფიქლით. წყობა მშრალია. სამივე მათგანი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეული აქვთ სახურავი და ხის სართულშუა გადახურვა, მონგრეულია ზედა სართულის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი.
ზედა კოშკი, რომელიც ყველაზე მაღლა, ჩრდილოეთით დგას, სამსართულიანია. შესასვლელი I სართულზე სამხრეთიდან აქვს. კარი თაღოვანია. II სართულის სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია. III სართულის ოთხივე კედელში მაშიკულის კვალია შემორჩენილი. შუა კოშკი ოთხსართულიანია. თაღოვანი შესასვლელი I სართულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელშია გაჭრილი. დანარჩენი კედლები ყრუა. II სართულის სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია. IV სართულს, ყოველ მხარეს, თითო მაშიკული ჰქონია (შემორჩენილია კვალი).
ქვედა, ყველაზე დაბლა (სამხრეთით) მდებარე კოშკი სამსართულიანია. შესასვლელი I სართულზე სამხრეთიდან აქვს. კარი ისრული თაღითაა გადახურული. II სართულის დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია. III სართულის სამხრეთ კედელში – ორი სათოფური. სართულის ოთხივე კედელში შემორჩენილია მაშიკულის კვალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიკაჩეიშვილი პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 162-163.