ჭალაფშატა (ლათ. Elaeagnus angustifolia) — 4-6 მ-ის სიმაღლის ბუჩქი ან ხეა, უეკლო ან ეკლიანი, ქერქი მოწითალო-მურა ფერისაა. ნორჩი ტოტები მოვერცხლისფრო ქეჩისებური შებუსვითაა. ფოთლები ორივე მხარეზე ვარსკვლავა-ქეჩისებური ქერცლებითაა მოფენილი, ქვედა მხრიდან მოვერცხლისფრო თეთრია, ზედა მხრიდან – მონაცრისფრო მწვანე, ფორმით – ლანცეტა ან ხაზური. ყვავილები იღლიურია, ყვითელი, სურნელოვანი. მცენარე იზრდება მდინარეთა ნაპირებზე, ჭალებში, სარწყავი არხების გასწვრივ. ძირითადად ცნობილია აღმოსავლეთ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე და აღმოსავლეთ აზიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, ირანს.