წყალტუბოს მღვიმური სისტემა

წყალტუბოს მღვიმური სისტემა — რთული მღვიმური სისტემა საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. განლაგებულია ოკრიბის ტექტონიკური თაღის დასავლეთ ნაწილში. გამომუშავებულია ვალანჟინურ-ჰოტრივული ასაკის მძლავრნაპრალოვან კირქვებსა და მასიურ ურგონული ფაციესის კირქვებში. მღვიმური სისტემის ძირითადი არტერია ვალახურ ოროფაზისშია ჩასახული, ხოლო პასადენურმა ოროფაზამ მნიშვნელოვნად გაართულა მღვიმური ჰიდროსისტემის მორფოლოგია.[1]

წყალტუბოს მღვიმური სისტემა
პრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე
კოორდინატები: 42°22′36″ ჩ. გ. 42°36′02″ ა. გ. / 42.37667° ჩ. გ. 42.60056° ა. გ. / 42.37667; 42.60056
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 147 მ
სიგრძე 15 000 მ
ამგებელი ქანები კირქვა
წყალტუბოს მღვიმური სისტემა — საქართველო
წყალტუბოს მღვიმური სისტემა
წყალტუბოს მღვიმური სისტემა — იმერეთის მხარე
წყალტუბოს მღვიმური სისტემა

წყალტუბოს მღვიმური სისტემის განვითარებაში გარკვეული როლი სამგურალის ქედის მონოკლინურმა აგებულებამ, და განსაკუთრებით, ტურონ-სენომანურმა ვულკანოგენურმა ჯავშანმა ითამაშა. მთავარი შესასვლელი ზღვის დონიდან 147 მ სიმაღლეზეა. მსხვილმასშტაბიანი ინსტრუმენტული და ნახევრადინსტრუმენტული აგეგმვითი მასალის საფუძველზე მკაფიოდ გამოიყოფა წყალტუბოს მღვიმური სისტემის სამი რგოლი: ზედა რგოლს წარმოადგენს ბღერის, მელოურისა და დიდღელეს მღვიმეები; შუალედურს სოლკოტას, საწურბლიას, ჩაქცევითი ჭა; ქვედას კი ოფიჭოს მღვიმე-ესტაველა, გაბზარული ტბა, პრომეთესა და ღლიანას მღვიმეები, თუმცა სისტემის ასეთი დაყოფა პირობითია.[2]

წყალტუბოს მღვიმური სისტემის წყალშემკრები აუზის ფართობი არა ნაკლებ 15 კმ²-ია. აქ იკრიბება, როგორც სამგურალის ქედის, ისე დიდვაკის პლატოს ნაკადები, რომელთაც ემატება მდინარე სემიდან გაჟონილი ნაკადებიც. მთავარი შესასვლელი დაკავშირებულია ტექტონიკური ნაპრალის განედური კვანძის სისტემასთან.[3]

ძირითადი ოროგრაფიული ერთეულია წყალტუბოს მასივი, რომლის ფარგლებშია განლაგებული პრომეთეს მღვიმე, ღლიანას მღვიმე, ოფიჭოს მღვიმე-ესტაველა, მელოურის მღვიმე, ბღერის მღვიმე, დიდღელეს მღვიმე, სოლკოტას მღვიმე და საწურბლიას მღვიმე, რომლებიც ერთ მთლიან — წყალტუბოს ანუ პრომეთეს მღვიმურ სისტემას ქმნიან.[3]

  1. Пещеры. Межвузовский сборник научных трудов. П., 2004, ст. 48–52
  2. ავტორთა კოლექტივი. წყალტუბოს მღვიმური სისტემა, თბ., 2009, გვ. 15–18
  3. 3.0 3.1 ომარ ლანჩავა, კუკური წიქარიშვილი. წყალტუბოს (პრომეთეს) მღვიმური სისტემა, თბ., 2016, გვ. 48–49