წილკნის აკლდამაარქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის აღმოსავლეთით, ყოფილი დიდი მცხეთის ტერიტორიაზე. მიწისქვეშა აკლდამა ადრინდელი ქრისტიანული ხანის არქეოლოგიური ძეგლია. ის, სავარაუდოდ, წარჩინებულ საეკლესიო მოღვაწეთა განსასვენებელი უნდა იყოს.

აღწერა რედაქტირება

აკლდამა მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე. თარიღდება IV-V საუკუნეებით. აკლდამის საერთო სიგრძე 10 მეტრია, ხოლო დასაკრძალავი სენაკის ფართობია 12 კვადრატული მეტრი. ნაგებია ქვიშაქვის ქვათლილებით და ჩადგმულია საგანგებოდ ამოთხრილ ქვაბულში. აღმოსავლეთიდან სენაკს აკლდამაში შესასვლელი 13 საფეხურიანი კიბე უერთდება. შესასვლელი ქვის კარით იყო ამოქოლილი. სახლ-საკრძალავის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებთან ტახტებია მიშენებული. აკლდამის დასავლეთ კედელზე ოთხსტრიქონიანი ბერძნული წარწერაა. აკლდამას დასავლეთით 3 მეტრზე გამოვლინდა ნახევარწრიულაბსიდიანი ტაძრის ნაშთი, ხოლო ჩრდილოეთით რიყის ქვით ნაგები ზღუდის ნაწილი.

აკლდამა გაითხარა 1979 წელს (ხელმძღვანელი ა. აფაქიძე). მასში ესვენა სუდარაში გახვეული რვა მამაკაცი. მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ქრისტიანული წესით - გულაღმა გაშოტილი, თავით დასავლეთისაკენ. გათხრისას აკლდამა გაძარცვული იყო. აკლდამის გვერდით გამოვლინდა გვიანდელი ანტიკური ხანის ორმოსამარხი და ქვაყუთი, რომელშიც თიხის სარეცელზე ასევე დაკრძალული იყო მიცვალებული ქრისტიანული წესით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნიკოლაიშვილი ვ., ახლად აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ისტორიული დიდი მცხეთის ტერიტორიაზე, ჟურნალი „ძეგლის მეგობარი", 1983, N63
  • ყაუხჩიშვილი თ., წილკნის აკლდამის ბერძნული წარწერა, "მაცნე" ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია", 1982. N2.