წებელდის წარწერები
წებელდის წარწერები ― ქართული ასომთავრული წარწერები, რომელიც ამოკვეთილია წებელდის ეკლესიის (გულრიფშის მუნიც.) კანკელის ერთ-ერთ ფილასა (XI ს.) და ქვის სხვა ფილაზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებით (XIV ს.). კანკელის ფილა მოღწეულია ფრაგმენტულად, ცნობილია 1894-იდან, როდესაც პრასკოვია უვაროვამ პირველად გამოაქვეყნა მისი ფოტო; ამჟამად დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში (Nხმმ-443). მის ცენტრში გამოსახულ ვარდულებს (როზეტებს) შორის ამოკვეთილია ერთსტრიქონიანი კიდურწაისრული წარწერა: "წმიდაო თეოდორე, შეიწყალე მიქაელ". წარწერა კანკელის ფილის თანადროულია და ორივე XI ს-ით თარიღდება. 1938 წელს წებელდის ტაძრის ნანგრევებში აღმოუჩენითა ოთხკუთხა ფორმის ქვის მოზრდილი ფილა, რომლის ადგილსამყოფელი ჯერ-ჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ფილის ფოტო, გამოქვეყნებულია ხუხუტი ბღაჟბას მიერ (1967 წ.). მის ცენტრში წარმოდგენილია ჯვრის რელიეფური გამოსახულება, რომლის ქვედა მკლავი ზომით სხვა მკლავებს აღემატება. ჯვრის მკლავების ბოლოები ოდნავ გაფართოებული და წაწვეტებულია. მას ზემოდან "ახურავს" ორფერდა საფარი ნახევარრომბებისაგან შედგენილი ორნამენტის გამოსახულებით. ფილას გარშემო დაუყვება რომბებისაგან შედგენილი ორნამენტული ჩარჩო. ჯვრის ცენტრში, მკლავის გადაკვეთის ადგილას, არის როზეტისა თუ პატარა ზომის ტოლმკლავიანი ჯვრის გამოსახულება. ამავე მკლავების ორივე მხარეს ამოკვეთილია ასომთავრული წარწერის თითო სიტყვა: „წმიდაო გიორგი“. ჯერის ბუდეებში, ქვედა მკლავის ორივე მხარეს, 6-6 სტრიქონად, ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა: „ამის ჯუარისა მაშენებელსა, ლუკას მარტინევას, შეუნდოს ღმერთმან, ამენ“. წარწერა პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით XIV ს-ით თარიღდება. მასში დასტურდება მეორე შემთხეეეა XIV ს-თვის გვარსახელის დასავლურქართული გაფორმებისა (შდრ. წალენჯიხის წარწერები 1384-1396).
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. სილოგავა, ენციკლოპედია „ქართული ენა“, თბ., 2008. — გვ. 570