წაღვლის ციხე-დარბაზი
წაღვლის ციხე-დარბაზი — არქიტექტურულ-არქეოლოგიური, ისტორიული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის სამხრეთ-დასავლეთით, 1,5 კილომეტრზე, მდინარე წაღვლურის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ გალავნებში, ნასოფლარ წაღვლისთავის ტერიტორიაზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. ისტორიული წყაროების მიხედვით, დავით აღმაშენებელს წაღვლისთავში ჰქონია ციხე-დარბაზი, ე. წ. მცირე სასახლე.
ციხე-დარბაზი 1910 წელს ძლიერ იყო დაზიანებული და დანგრეული. 1930-იან წლებში მოსახლეობას ციხის შემორჩენილი კედლები დაუშლია და ქვა საშენ მასალად გამოუყენებია. ამჟამად შემორჩენილია სამხრეთი, დასავლეთი და აღმოსავლეთი კედლების საძირკვლის ნაშთი.
ციხე-დარბაზი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა, რომელსაც ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკები ჰქონდა. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი კოშკების კვალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., ანთელავა ი., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 457.