წაქვის წმინდა გიორგის ეკელსია
წაქვის წმინდა გიორგის ეკელსია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფელ წაქვის სამხრეთ-ააღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე, მაღალ ადგილას, მოვაკებულ ადგილზე, დასავლეთიდან გვიანი მინაშენით.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებაეკლესია ძირითადად ხით არის ნაშენი, ხოლო მინაშენი ქვითა და აგურით, რომელიც გარედან მთლიანად გალესილია. გადახურულია ღარიანი კრამიტით, სამხრეთის კალთის დაზიანებული ადგილი დაფარულია თუნუქით. გეგმაში ეკლესია მართკუთხაა, აღმოსავლეთით ბრტყელი აბსიდით, დევს ტრაპეზის ქვა. აბსიდის წინ გაკეთებულია ხის კანკელი, მას მხოლოდ აღსავლის კარი აქვს. კანკელის თავზე გადებულ პროფილირებულ ხის ძელზე მიმაგრებულია დეკორატიულად მორთული, ხის ერთი ფიცრისგან გამოჭრილი დაფა, რომელზედაც ტალღოვანი ფორებია გამოკვეთილი და ქვედა ნაწილში დასრულებულია ნახევარწრიული რკალით, რომელიც ბოლოვდება შუბის ისრის ფორმის დეტალებით. კანკელის ოდნავ ჩრდილოეთით დევს მეორე საკურთხევლის ქვა. შესასვლელი სამხრეთის მხრიდან აქვს, იგი ოთკუთხაა. ხის ეკლესიას სამხრეთიდან ოთხ ოთკუთხა სვეტზე შემდგარი ღია გალერეაა მოწყობილი. ასეთივე გალერეაა მოწყობილი ჩრდილოეთის მხარეს. ეკლესია დგას მარტივ ქვის ცოკოლზე და მინაშენით მოქცეულია ოთხქანობიან გადახურვის ქვეშ. ეკლესიის გარშემო არის ძველი საფლავის ქვები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მრავალი ზედაშეს ქვევრები. დღეისათვის მხოლოდ ორი ქვევრია ღვინით სავსე, დანარჩენი ცარიელია და დაზიანებული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16338