წაროს კოშკები — კოშკები მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ წაროს განაპირას. თარიღდებიან გვიანდელი შუა საუკუნეებით.

პირველი კოშკი რედაქტირება

კოშკი მდებარეობს ნასოფლარის სამხრეთით, 500 მეტრზე, ფერდობზე. იგი ხუთსართულიანია (5,4 X 5,2 მ), ზემოთკენ ოდნავ შევიწროებული. ნაშენია ფიქლის მშრალი წყობით. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია სართულშუა გადახურვა, მონგრეულია მეხუთე სართულის კედლების დიდი ნაწილი.

შესასვლელი პირველ სართულზე აღმოსავლეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში ვიწრო სწორკუთხა სათოფურია. სართულის ქვემოთ ყრუკედლებიანი დაბალი სარდაფია. მეორე სართულის სამხრეთ კედელში სწორკუთხა კარია, დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილში - სათოფური. მესამე სართულის დასავლეთ კედელში განიერი სწორკუთხა სარკმელია. მსგავსი თითო სარკმელია მეოთხე სართულის აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში. მეხუთე სართულის ოთხივე მხარეს თითო სალოდე ჰქონია (შემორჩენილია კვალი).

მეორე კოშკი რედაქტირება

კოშკი დგას ნასოფლარის ჩრდილოეთ ნაწილში, ფერდობზე. გეგმით ოთხკუთხაა (7 X 6 მ), ზემოთკენ ოდნავ შევიწროებული. ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. ძეგლი დაზიანებულია: შემორჩენილია ოთხი სართული. ჩამოშლილია ხის სართულშუა გადახურვა, დანგრეულია მეოთხე სართულის კედლების დიდი ნაწილი. პირველ სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი თაღოვანია. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების შუაში თითო მარტივი პილასტრია, რომლებიც მეორე სართულის იატაკამდეა აყვანილი. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში გაჭრილია თაღოვანი კარი, რომელიც ამ მხრიდან მოგვიანებით მიშენებულ სათავსში გადიოდა. სართულის სამხრეთ კედელში ორი მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია. მესამე სართული არქიტექტურული გადაწყვეტით მესამე სართულის ანალოგიურია. მეოთხე სართულის დასავლეთ კედლის შუაში თაღოვანი კარია, რომელსაც წინიდან, ფასადის ჩრდილოეთ კედელზე მიდგმული, ოთხკუთხა ბურჯი ადგება. სამხრეთ კედელში სამი თაღოვანი სარკმელია.

ლიტერატურა რედაქტირება