ძმები ნობელების ნავთობის მწარმოებელი კომპანია

ძმები ნობელების ნავთობის მწარმოებელი კომპანია (ასევე „ბრანობელი“, „ძმ. ნობელები“) — 1879 წელს დაარსებული დიდი რუსული ნავთობის კომპანია. კომპანიამ ნავთობის წარმოება და მისი გადამუშავება განახორციელა ბაქოში, გროზნოსა და ჩელეკენში (ახლანდელი ქ. ხაზარი (თურქმნეთი))[1].

ძმები ნობელების ნავთობის მწარმოებელი კომპანია
ტიპი აქციონერული საზოგადოება
დარგი ნავთობის წარმოება
დაფუძნდა 1879
დამაარსებელი ლუდვიგ ნობელი, რობერტ ნობელი, ალფრედ ნობელი, პეტრე ბილდერლინგი
დაიხურა 1920
სათავო ოფისი ბაქო, ბაქოს გუბერნია

პირველი ვერტიკალურად ინტეგრირებული ნავთობკომპანია რუსეთის ისტორიაში, რომელსაც ჰქონდა სრული ტექნოლოგიური ციკლი. შექმნა საკუთარი სატრანსპორტო და მარკეტინგის ქსელი, რომელიც მოიცავდა ნავთობსადენებს, ტანკერებს, ავზებსა და სატანკო მეურნეობებს ნავმისადგომებითა და სარკინიგზო ხაზებით. ნავთობის გადამუშავების გარდა, კომპანია ეწეოდა დამხმარე ნივთიერებების წარმოებას, კერძოდ, დაარსდა სოდისა და გოგირდმჟავას საკუთარი წარმოება[1]. როდესაც კომპანია დაარსდა, მასში შედიოდა ძმები ნობელების და პარტნიორების მიერ ბაქოში 1870-იან წლებში შეძენილი აქტივები. კომპანიის მიერ აშენებული ზოგიერთი სტრუქტურა, როგორიცაა ნავთობის ავზები ახლაც გამოიყენება. ასოციაცია ნაციონალიზებულ იქნა 1918 წელს[2].

კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ: ლუდვიგ ნობელი, რობერტ ნობელი, ალფრედ ნობელი, პეტრე ბილდერლინგი.

ასოციაციის პირველი თავმჯდომარე იყო ლუდვიგ ნობელი. ძირითადი კაპიტალი დაარსების დროს იყო 3 მილიონი რუბლი 5000 რუბლის აქციებით. აქციის დიდი ზომა გამიზნული იყო საფონდო ბირჟის სპეკულაციის შეფერხებისთვის. აქციების 50%-ზე მეტი ეკუთვნოდა ნობელების ოჯახს[1].

ნავთობის ბიზნესის წამოწყების იდეის ავტორი იყო რობერტ ნობელი, რომელმაც პირველად ნახა ბაქოს ნავთობის საბადოები 1873 წელს. ამ პერიოდში ის რუსეთის იმპერიის სამხრეთით მოგზაურობდა კაკლის ხის საძიებლად იჟევსკში, რომლის თანამფლობელები იყვნენ ნობელები[3][4]. იმავე წელს მან ბაქოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შეიძინა. კომპანია მხოლოდ 1890-იან წლებში გახდა ჭეშმარიტად მომგებიანი ბიზნესი. მანამდე ის რამდენჯერმე მიუახლოვდა გაკოტრებას, რისგანაც ის იხსნა ალფრედ ნობელმა, რომელიც კომპანიას საკუთარი სახსრებით უჭერდა მხარს[3].

ძმები ნობელების საქმიანობა ბაქოში

რედაქტირება
 
აზერბაიჯანული მარკა მიძღვნილი ძმები ნობელებისთვის

ბაქოში ძმების ნობელების ისტორია მე-19 საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. ამ დროს რობერტ ნობელი ჩადის ქალაქ ბაქოში ბერდანის თოფის კონდახის მოსამზადებლად ხის მასალის მოსაძებნად. რობერტის ყურადღება ბაქოს რეგიონის ნავთობის პოტენციალმა მიიპყრო. 1873 წელს პეტერბურგში დაბრუნებული ცდილობდა ძმის ყურადღება მიეპყრო ბაქოს ნავთობზე, მაგრამ იმის გამო, რომ ლუდვიგს არ სჯეროდა საქმის პერსპექტივის, მხოლოდ მცირე თანხა გამოჰყო[5].

1875 წელს რობერტმა ტფილისის საზოგადოებისგან 25 ათას რუბლად იყიდა ნავთის პატარა ქარხანა „შავ ქალაქში“ და ასევე საბუნჩის რაიონში რამდენიმე ნავთობის მატარებელი ადგილი[6]. პარიზის საფონდო ბირჟაზე ბაქოს ნავთობის ირგვლივ დიდი ვნებათა ღელვისა და სკანდალების ფონზე ალფრედ ნობელს დიდი ინტერესი გაუჩნდა ბაქოს ნავთობის მიმართ. თავისი ძმისთვის - ლუდვიგისთვის გაგზავნილ დეპეშაში ის წერდა, რომ პარიზში საქმიანი წრეები ახსენებდნენ ბაქოს ნავთობს და რომ როტშილდები ცდილობდნენ დაიპყრონ საუკეთესო მიწის ნაკვეთები ბაქოში. ამასთანვე სურთ ძმები ნობელების განდევნა ამ ტერიტორიიდან.

1876 ​​წელს ლუდვიგ ნობელი გადასახლდა ბაქოში. პირველი ჭაბურღილი რობერტ ნობელმა 1876 წლის აპრილში საბუნჩუში ააგო. 1878 წელს ძმებმა ნობელებმა ააშენეს პირველი ნავთობსადენი რუსეთის იმპერიაში ორთქლის ტუმბოთი[7].

 

„ძმები ნობელების ნავთობის მწარმოებელმა კომპანიამ“ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ნავთობის ინდუსტრიაში. თავიანთ აღმოჩენებში ნობელებმა გამოიყენეს ქიმიკოს დიმიტრი მენდელეევის იდეები. მენდელეევი ყოველთვის ჩიოდა, რომ ნობელები სრულად არ აფასებდნენ ნავთობის შესაძლებლობებს; ბევრი ნარჩენი პროდუქტი გადაყარეს, რადგან მხოლოდ ნავთი აინტერესებდათ. მოგვიანებით მენდელეევმა დაარწმუნა ისინი, რომ ნავთობის შემადგენლობაში არ იყო უვარგისი ნივთიერება და მისი ყველა კომპონენტის გამოყენება შეიძლებოდა.

სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ნავთობის ტრანსპორტირება. მოპოვებული ნავთობი ივსებოდა კასრებში, შემდეგ კი გემით იგზავნებოდა ასტრახანში, სადაც იტვირთებოდა სარკინიგზო ვაგონებზე. პრობლემები რუსეთში და სხვა ქვეყნებში გაგზავნილი კასრების გადმოტვირთვამაც შექმნა. ნობელებს სურდათ შეემცირებინათ ნავთობის ტრანსპორტირების ღირებულება, რათა ბაზარზე სხვა ონკურენტი არ ჰყოლოდათ.

1883 წელს ბაქო-ბათუმის რკინიგზამ ბაქოს ნავთობს გზა გაუხსნა დასავლეთისკენ.  „ბრანობელის“ ქარხნული საქმიანობა 1879 წლიდან 1904 წლამდე გამოიხატა 1 მილიარდ 195 მილიონი ფუნტის საკუთარი და შეძენილი ნავთობის გადამუშავებაში.

1914-1917 წლებში კომპანია ფლობდა ძირითად კაპიტალს 30 მილიონი რუბლს. 1916 წელს კომპანიის მთლიანი ნავთობის წარმოება შეადგენდა 76 მილიონ ფუთ ნავთობს[8].

1918 წლამდე ძმები ნობელების ნავთობის მწარმოებელი კომპანია იყო უდიდესი ნავთობკომპანია რუსეთის იმპერიაში.

 

ნავთობის გადამუშავების გარდა, კომპანია დამხმარე ნივთიერებების წარმოებითაც იყო დაკავებული. კერძოდ, დაარსდა სოდისა და გოგირდმჟავას საკუთარი წარმოება.

კომპანია ფლობდა: ნავთობის საბადოებს ბაქოს მახლობლად - ბალახანში, ბოშში, საბუნჩისა და ბიბი-ჰეიბათში, კუნძულ ჩელეკენზე კასპიის ზღვის სანაპიროზე და ბერიქსში (დაღესტნის რეგიონი) და ა.შ.; 7 ქარხანას ბაქოს მახლობლად შავი ქალაქის ტერიტორიაზე; საწყობებსა და ბაზებს რუსეთში, ასევე მარსელში, მანჩესტერში, ანტვერპენში, ჟენევაში, ბერლინში, ჰამბურგში, გოტესბურგში, ლონდონში და ევროპის სხვა ქალაქებში.

ბაქოში ძმებმა ნობელებმა კომპანიის თანამშრომლებისთვის საოჯახო რეზიდენცია და სოფელი ვილა პეტროლეა ააშენეს. ამჟამად რეზიდენცია აღდგენილია და მასში განთავსებულია ძმები ნობელების მუზეუმი.

ლუდვიგ ნობელი გარდაიცვალა 1888 წელს. რობერტ ნობელი გარდაიცვალა 1896 წელს. 1888 წლიდან 1917 წლამდე ნობელების ოჯახის რუსულ საწარმოებს ხელმძღვანელობდა ლუდვიგის ვაჟი ემანუელი.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ ნაციონალიზებულ იქნა ძმები ნობელების მრავალი ნავთობის საცავი, ბაზა, საწარმო. შემდგომში ისინი გახდა საფუძველი სსრკ ნავთობის წარმოებისა და ნავთობგადამამუშავებელი ინდუსტრიისთვის.

1918 წელს ემანუელ ნობელი გადავიდა შვედეთში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება