ცრუდიმიტრი II
ცრუდიმიტრი II (გ. 21 დეკემბერი, 1610, კალუგა) — ავანტიურისტი, თავს ასაღებდა ივანე IV-ის შვილად, რომელიც ვითომ სასწაულით გადარჩა 1606 წელს. ცრუდიმიტრი II-ის პიროვნება უცნობია. 1607 წელს რუსეთში შემოჭრილმა პოლონელთა რაზმებმა, რომლებსაც ვითომ ცრუდიმიტრი II სარდლობდა, მოსკოვამდე მიაღწიეს და სოფელ ტუშინოში დაბანაკდნენ. ბოიართა ნაწილი ჩადგა ცრუდიმიტრი II-ის სამსახურში, მას მხარი დაუჭირეს კაზაკების ნაწილმაც. მარინა მნიშეკმა, ცრუდიმიტრი I-ის ცოლმა, ცრუდიმიტრი II თავის ქმრად აღიარა. პოლონელთა რაზმები თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ ქვეყნის ცენტრალური რაიონების მოსახლეობას. აღშფოთებული ხალხის მასები, რომლებმაც ცრუდიმიტრი II-ს „ტუშინოელი ავაზაკი“ შეარქვეს, აღდგნენ მის წინააღმდეგ. ვასილი შუისკის ბოიარულ მთავრობას ხალხის მოძრაობის გაძლიერების ეშინოდა და ცრუდიმიტრი II-ის წინააღმდეგ საბრძოლველად შვედეთი დაიხმარა, რომელიც პოლონეთთან ომობდა და ეს გახდა აშკარა საბაბი ინტერვენციის დაწყებისა (1609 წლის ზაფხული). ცრუდიმიტრი II ინტერვენტებს აღარ სჭირდებოდათ და პოლონელთა რაზმებმა დატოვეს ტუშინოს ბანაკი, რომელიც 1610 წლის გაზაფხულზე დაიშალა. ცრუდიმიტრი II მარინა მნიშეკთან ერთად კალუგაში გაიქცა, სადაც მოკლა ერთ-ერთმა ნოღაელმა პირადმა მცველმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კობახიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 243.