ციხისძირის პირველი კოშკი
ციხისძირის პირველი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის ქვემო უბანში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი ცილინდრულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია მისი ოთხი სართული (სიმაღლე 10 მეტრი). პირველი სართული ყრუკედლებიანი სარდაფია. კოშკში შესასვლელი დასავლეთიდანაა, მეორე სართულზე, მიწიდან 2,5 მეტრ სიმაღლეზე. კარს ისრული თაღი აქვს, წირთხლებში - საურდულე ხვრელები. ამავე მხარესაა თაღოვანი სარკმელი. კედელში თახჩები და სათოფურებია. კარის პირდაპირ ბუხარია. სართული გუმბათოვანი კამარითაა გადახურული. სამხრეთით, კედლის სისქეში, მოწყობილია მესამე სართულზე ასასვლელი კიბე. ამ სართულზე რამდენიმე თახჩაა. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სარკმელია. დასავლეთით ბუხრის კვალი ჩანს. მესამე და მეოთხე სართულების გადახურვა ხის ყოფილა. მეოთხე სართულის მთელ პერიმეტრზე, სხვადასხვა დონეზე, განლაგებულია ორმაგი სათოფურები.
ლიტერატურა
რედაქტირება- რამიშვილი რ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 345-345.