ციკასი, საგოვანა (ლათ. Cycas) — შიშველთესლოვან მცენარეთა გვარი საგოვანების კლასისა. დაბალი მცენარეებია, მათი სიმაღლე ზოგჯერ 10–15 მეტრს აღწევს. ღერო დაფარულია მკვდარი ფოთლების ნარჩენებით, წვეროზე ფრთისმაგვარი ფოთლები აქვს.
20-მდე სახეობა გავრცელებულია აზიისა და ავსტრალიის ტროპიკებში. ყველაზე უფრო ცნობილია C. revoluta; 2–3 მეტრის სიმაღლის ლამაზი მცენარეა. სამშობლოა სამხრეთი იაპონია, საქართველოში ინტროდუცირებულია შავი ზღვის სანაპიროზე. იტანს 8 °C-მდე ყინვას, ნაყოფმსხმოიარობს და ზოგჯერ იძლევა თესლს.