ციანი (იმპერატორის მეუღლე)
იმპერატორის ქვრივი ციანი (ჩინ.: 孝貞顯皇后), დაქვრივებამდე ეწოდებოდა იმპერატორის მეუღლე სიაოჟენსიანი (ჩინ.: 孝貞顯皇后; დ. 12 აგვისტო, 1837 — გ. 8 აპრილი, 1881) — ჩინეთის იმპერატორ სიანფენგის მეორე ცოლი და მისი ოფიციალური კონსორტი 1852-1861 წლებში. ჩინეთის იმპერატორის ქვრივი 1861-1881 წლებში.
ციანი | |
---|---|
ჩინეთის იმპერატორის მეუღლე | |
მმართ. დასაწყისი: | ნოემბერი/დეკემბერი, 1852 |
მმართ. დასასრული: | 22 აგვისტო, 1861 |
წინამორბედი: | სიაოცუანჩენგი |
მემკვიდრე: | სიაოჟეი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 12 აგვისტო, 1837 |
დაბ. ადგილი: | გუანსი, ჩინეთი |
გარდ. თარიღი: | 8 აპრილი, 1881, (43 წლის) |
გარდ. ადგილი: | აკრძალული ქალაქი, ჩინეთი |
მეუღლე: | სიანფენგი |
დინასტია: | ცინი (ქორწინებით) |
მამა: | მუიანგა |
დედა: | გიანგია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაციანი დაიბადა 1837 წლის 12 აგვისტოს გუანსში. იგი იყო გუანსის გუბერნატორ მუიანგასა და მისი მეუღლის, გიანგიას ქალიშვილი. იგი მანჩუს არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა, თუმცა მისი ახალგაზრდობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.
ციანსა და იმპერატორ სიანფენგს შორის ურთიერთობა 1850 წელს დაიწყო. სწორედ ამ წელს გარდაიცვალა იმპერატორის პირველი მეუღლე, სიაოცუანჩენგი, რომლისგანაც მემკვიდრე არ დარჩენია. ამის გამო იგი მეორედ დაქორწინებაზე ფიქრობდა. იმპერატორმა თავისი არჩევანი ციანზე შეაჩერა, რომელზეც 1852 წელს იქორწინა. ამის შემდეგ ციანი იმპერატორის მთავარი მეუღლე და მისი ოფიციალური კონსორტი გახდა.
როდესაც საბოლოოდ გახდა ცნობილი ციანის უნაყოფობის შესახებ, 1861 წელს იმპერატორმა მესამე ცოლი შეირთო ცისის სახით, რომელთანაც შეეძინა ვაჟი. ამის მიუხედავად, ციანი იმპერატორის საყვარელ ცოლად რჩებოდა. გავლენის შესანარჩუნებლად მან ცრუ ორსულობაც კი გაითამაშა, რომელიც ცისის ინტრიგების წყალობით კინაღამ გამჟღავნდა, თუმცა საბოლოოდ ჩათვალეს, რომ უბრალოდ მუცელი მოეშალა. ამის გამო, ციანმა შეინარჩუნა თავისი გავლენა იმპერატორსა და სახელმწიფო საქმეებზე.
მეორე ცოლის შერთვიდან მალევე, 1861 წლის 22 აგვისტოს იმპერატორი სიანფენგი გარდაიცვალა. ციანმა თავის მომხრეებთან ერთად მაშინვე სცადა ტახტის მიტაცება, რომელზეც მაინც ავიდა ცისის ჩვილი ვაჟი, იმპერატორი ტონგჟი. აქედან იწყება ცისის ზეობის ეპოქა, რომელიც XX საუკუნის 10-იან წლებამდე გაგრძელდა. თავდაპირველად მან განიზრახა, რომ ციანი მონასტერში გაეგზავნა, მაგრამ მისი გავლენიანი მოკავშირეების შიშით გადაიფიქრა. აღსანიშნავია, რომ ციანის მხარეს იჭერდნენ სიანფენგის ძმებიც, რომელთაც სძულდათ ინტრიგების მოყვარული ცისი. საბოლოოდ, მათ გაიმარჯვეს და იმპერატორის რეგენტები გახდნენ, ცისი კი საიმპერატორო სასახლის დასავლეთ ფლიგელში გადაიყვანეს (რაც დამამცირებელი იყო).
რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ციანსა და ცისს შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბებოდა. ცისის განსაკუთრებულ ძალას მატებდა მისი საყვარელი საჭურისი — ან დეხაი, რომელიც 1869 წელს ციანის ინტრიგების წყალობით ქვეყნის მოღალატედ გამოაცხადეს და სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ ციანის გავლენები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, რაც იმითაც იყო განპირობებული, რომ მცირეწლოვანი იმპერატორი ციანს უფრო უჯერებდა, ვიდრე საკუთარ დედას. ეს განსაკუთრებით იმაში გამოიხატა, რომ ტონგჟმა ცოლად სიაოჟეი შეირთო, ქალი რომელიც სძულდა ცისის, რაც ისევ ციანის იდეა იყო.
1874 წელს, იმპერატორის ავადმყოფობის პერიოდში ცისისა და ციანს ორმაგი რეგენტობა მიენიჭათ. 1875 წლის იანვარში ტონგჟი გარდაიცვალა, ცისიმ კი იმპერატორად თავისი ძმისწული, გუანგსუ დასვა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ციანის დაცემისა და ცისის აღზევების ხანა.
1877 წელს ცისი ძლიერ დასნეულდა, რითაც ციანმა ისარგებლა და დროებით ძალაუფლება აღიდგინა. 1878-1879 წლებში იგი ჩინეთის იმპერიას თავის ნებაზე მართავდა. ციანის ხელმძღვანელობით ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთთან, რომელთა დახმარებითაც დაიბრუნა რუსეთთან დაკარგული ტერიტორიები.
1879 წელს ცისი გამოჯანმრთელდა და ძალაუფლების დაბრუნება მოისურვა. 1880 წელს, ორ ქალს შორის ფარული ომი ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც იმპერატორ სიანფენგის სამგლოვიარო ცერემონიალზე დაიწყო. 1881 წლის 8 აპრილს, 43 წლის ციანი მოულოდნელად გარდაიცვალა. ისტორიკოსთა მტკიცებით იგი ცისიმ მოწამლა, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Papers relating to the foreign relations of the United States. United States Department of State / Index to the executive documents of the House of Representatives for the first session of the forty-seventh Congress, 1880-'81.
- Behr, Edward (1987). The Last Emperor. Futura. ISBN 077368025X.
- Bonner, Joey (1986). Wang Kuo-wei: An Intellectual Biography (Illustrated and Revised ed.). Harvard University Press. ISBN 0674945948.
- Cordier, Henri (1901). Histoire des relations de la Chine avec les puissances occidentales (in French). F. Alcan.
- Hummel, Arthur W. (1943). Eminent Chinese of the Ch'ing Period (1644-1912). United States Government Printing Office.
- Kwong, Luke S. K. (1984). A Mosaic of the Hundred Days: Personalities, Politics, and Ideas of 1898. Harvard University Asia Center. ISBN 0674587421.
- Kwong, Luke S. K. (April 1983). "Imperial authority in crisis: An interpretation of the coup d'état of 1861". Modern Asian Studies. 17 (2): 221–238. doi:10.1017/s0026749x00015614.
- Lee, Lily Xiao Hong; Stefanowska, A. D.; Wiles, Sue (2007). Biographical Dictionary of Chinese Women: Antiquity Through Sui, 1600 B.C.E.-618 C.E. M.E. Sharpe. ISBN 0765641828.
- Lim, Boon Keng (2006). The Chinese Crisis from Within (Reprint ed.). Select Publishing. ISBN 9814022349.
- Peterson, Barbara Bennet (2000). Notable Women of China: Shang Dynasty to the Early Twentieth Century. M.E. Sharpe. ISBN 0-7656-0504-X.
- Rawski, Evelyn S. (1998). The Last Emperors: A Social History of Qing Imperial Institutions (Reprint ed.). University of California Press. ISBN 052092679X.
- Teng, Tony Yung-yuan (1972). Prince Kung and the survival of the Ch'ing rule, 1858-1898 (Reprint ed.). University of Wisconsin.
- Wan, Yi; Shuqing, Wang; Yanzhen, Lu; Scott, Rosemary E. (1988). Daily Life in the Forbidden City: The Qing Dynasty, 1644-1912 (Illustrated ed.). Viking. ISBN 0670811645.