იმპერატორის მეუღლე სიაოჟეი (ჩინ.: 孝哲毅皇后; დ. 25 ივლისი, 1854, ბეიჯინგი, ჩინეთი — გ. 27 მარტი, 1875, აკრძალული ქალაქი, ჩინეთი) — ჩინელი არისტოკრატი და არუტეთა კლანის წარმომადგენელი. ჩინეთის იმპერატორ ტონგჟის მეუღლე და მისი კონსორტი 1872-1875 წლებში.

სიაოჟეი
ჩინეთის იმპერატორის მეუღლე
მმართ. დასაწყისი: 15 ოქტომბერი, 1872
მმართ. დასასრული: 12 იანვარი, 1875
წინამორბედი: სიაოჟენსიანი
მემკვიდრე: ლონგიუ
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 ივლისი, 1854
დაბ. ადგილი: ბეიჯინგი, ჩინეთი
გარდ. თარიღი: 27 მარტი, 1875, (20 წლის)
გარდ. ადგილი: აკრძალული ქალაქი, ჩინეთი
მეუღლე: იმპერატორი ტონგჟი
სრული სახელი: სიაოჟე ჯიაშუნ შუშენ სიანმინგ გონჯუან სიანტიან ჟანგშენგ
დინასტია: ცინი (ქორწინებით)
მამა: ჩონგცი
დედა: აისინ გიორო

ბიოგრაფია

რედაქტირება

სიაოჟეი დაიბადა 1854 წლის 25 ივლისს ბეიჯინგში, ჩინეთში. აღსანიშნავია, რომ სახელი სიაოჟეი მან მხოლოდ ქორწინების შემდეგ მიიღო და ისტორიაში მისი დაბადების სახელი ცნობილი არაა. იგი არუტეთა მდიდარი და გავლენიანი ჩინური კლანის წარმომადგენელი იყო, რომლის ფესვებიც მონღოლეთიდან მოდის. იგი იყო ჩინეთის ფინანსთა მინისტრ ჩონგცისა და მისი მეუღლის, ასევე დიდგვაროვან აისინ გიოროს ქალიშვილი. მას მხოლოდ ერთი უმცროსი ძმა ჰყავდა, რომლის ვინაობაც უცნობია.

სიაოჟეი ბავშვობიდანვე იზრდებოდა აკრძალულ ქალაქში, საიმპერატორო კარზე, სადაც ქალბატონი არუტეს სახელით იყო ცნობილი. იგი მშობლებმა კარგი განათლებით უზრუნველყვეს და მამამისი მას მეტად ამბიციურ პიროვნებად ზრდიდა. მან საოცარი ინტერესი და ნიჭი გამოამჟღავნა ლიტერატურაში, პოეზიაში, მუსიკასა და ხელოვნებაში. აღსანიშნავია, რომ მას ორივე ხელით თანაბრად შეეძლო წერა. გარდა ამისა, ჩინურ არისტოკრატიაში თავისი სასიამოვნო გარეგნობითა და ხასიათითაც გამოირჩეოდა.

1872 წელს, ქალბატონი არუტე იმპერატორ ტონგჟის საცოლედ აირჩიეს. განსხვავებით ჩინეთის სხვა იმპერატორთა ქორწინებებისგან, ეს უფრო პოლიტიკური იყო, რადგან მიმართული იყო ურთიერთდაპირისპირებული მხარეების შერიგებისაკენ. აღსანიშნავია, რომ იმპერატორის ქვრივი ცისი, მიიჩნევდა, რომ ქალბატონი არუტე იმპერატორს არ შეეფერებოდა. იგი ამბობდა, რომ იმპერატორის მეუღლე „ბრძენი და გამჭრიახი“ უნდა ყოფილიყო, რის გამოც ვაჟის არჩევნით უკმაყოფილო დარჩა.

1872 წლის 15 ოქტომბრის შუაღამის 23:30 საათზე (ეს დრო სპეციალურად გამოთვალეს ასტროლოგებმა) სიაოჟეი და იმპერატორი ტონგჟი აკრძალულ ქალაქში დაქორწინდნენ. იმპერატორის ქვრივი მეუღლე ცისი თავისი ვაჟის ქორწინებას დაესწრო და დალოცა მათი კავშირი, მაგრამ ვაჟს მოუწოდა, რომ თავისი ახალგაზრდობის მიუხედავად ქვეყნის მართვისთვის უფრო მეტი ყურადღება დაეთმო, ვიდრე ცოლისთვის. როდესაც ცისი მიხვდა, რომ ტონგჟმა მისი რჩევა არ გაითვალისწინა და ქვეყნის მართვის საკითხებში არ მეცადინეობდა, იმპერატორისა და მისი მეუღლის განცალკევებით დაბინავება ბრძანა.

იმპერატორი ტონგჟი ვერაფრით ეგუებოდა მარტოობას, რის გამოც უფრო მელანქოლიური გახდა. რამდენადაც ცნობილია, ერთხელ დედის დანიშნული მცველები მოისყიდა, აკრძალული ქალაქიდან გაიპარა და ბორდელს ეწვია. ამის შემდეგ იმპერატორი სიფილისით დაავადდა. იმპერატორის ქვრივი ცისი განრისხდა და ამ ინციდენტს „დამამცირებელი სკანდალი“ უწოდა. მან საიმპერატორო ექიმებს დუმილი უბრძანა, თუმცა ინფორმაციამ მაინც გაჟონა.

როგორც საიმპერატორო კარის მატიანე წერს, იმპერატორი ტონგჟი გამუდმებით წუწუნებდა დედამისის გაბატონებულ მდგომარეობაზე და იმ დღეზე ოცნებობდა, როდესაც ის და სიაოჟეი ერთად დაიწყებდნენ მართვას. როგორც ცნობილია, ცისიმ იმპერატორის ეს წუწუნი ერთხელ საკუთარი ყურით მოისმინა, რის შემდეგაც განრისხებული შევარდა სიაოჟეის ოთახში, უყვირა, სახეში დაარტყა და თმით ათრია. ამის მიზეზი ის იყო, რომ ცისი აზრით მის ვაჟს ცოლი აქეზებდა დედის წინააღმდეგ. ამის შემდეგ ცისიმ სიაოჟეის მონასტერში წაყვანა უბრძანა, სადაც მისი სახე სამუდამოდ ნაჭრით უნდა ყოფილიყო დაფარული, რათა ვერავის ეცნო. მიუხედავად მისი ბრძანებისა, ტონგჟონგმა არ დაუშვა სიაოჟეის მონასტერში გამოკეტვა.

1875 წლის 12 იანვარს 18 წლის იმპერატორი ტონგჟი ვარიოლამ შეიწირა. იგი უშვილოდ გარდაიცვალა, მაგრამ იზოგიერთი წყაროს მიხედვით სიაოჟეი ამ დროს ორსულად იყო. ცისიმ გადაწყვიტა, რომ ახალი იმპერატორი თავისი შვილიშვილი არ უნდა ყოფილიყო, რის გამოც ტახტზე სასწრაფოდ დასვა საკუთარი ძმისწული, იმპერატორი გუანგსუ დასვა.

იმპერატორ ტონგჟის გარდაცვალებაში ცისიმ ბრალი სიაოჟეის დასდო, რის გამოც მას კვების რაციონი ძალიან შეუმცირა. ამან საშინლად შეარყია სიაოჟეის ჯანმრთელობა, რომელიც ფაქტობრივად შიმშილობდა. მან დახმარების თხოვნით მამას მიმართა, რომლისგანაც პასუხად მიიღო: „შენმა ზემდგომმა იცის რა უნდა გააკეთოს.“ ამგვარ ვითარებაში მას არა მხოლოდ მოეშალა მუცელი, არამედ 1875 წლის 27 მარტს, 20 წლის ასაკში შიმშილობით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მის ასეთ წამებას მხოლოდ ახალი იმპერატორის მეუღლე, ლონგიუ აპროტესტებდა, თუმცა მას არაფერი შეეძლო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Draft history of the Qing dynasty. 《清史稿》卷二百十四.列傳一.后妃傳.
  • Royal archives of the Qing dynasty (清宫档案).
  • Qing imperial genealogy(清皇室四谱).
  • Biographies of the Qing dynasty consorts (清历朝后妃列传).
  • Sterling Seagraves, "Dragon Lady" ISBN 0-679-73369-8.
  • Maria Warner", "The Dragon Empres": Life and Times of Tz'u-Hsi, 1835–1908, Empress of China". ISBN 0-689-70714-2.
  • Daily life in the Forbidden City, Wan Yi, Wang Shuqing, Lu Yanzhen. ISBN 0-670-81164-5.
  • Hummel, Arthur William, ed. Eminent Chinese of the Ch'ing Period (1644–1912). 2 vols. Washington: United States Government Printing Office, 1943.