ჩოლოყაანთ კოშკი
ჩოლოყაანთ კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუცოს შუა ტერასაზე, ციცაბო კლდის თავზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვით. კოშკი (4,9 x 3,4 მეტრი) სამსართულიანია (სიმაღლე 11,7 მეტრი), ზედა ნაწილის აღმოსავლეთის მხარე და სართულშუა გადახურვა ჩამონგრეულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მიწიდან 2,6 მეტრ სიმაღლეზე. კარი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. პირველ სართულზე, აღმოსავლეთ კედელში, ერთი სათოფურია. მეორე სართულზე, აღმოსავლეთით, პირველი სართულის კარის მსგავსი შესასვლელია, სამხრეთით - ნახევარწრიულთაღიანი სარკმელი. თითო სათოფურია აღმოსავლეთ და ჩრდილო კედლებში. მესამე სართულის სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია, დასავლეთ კედლის შემორჩენილ ნაწილში - ერთი სათოფური. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა, სახურავი - მიწურბანიანი. პირველი და მეორე სართული საცხოვრებელია, მესამე სათავდაცვო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 278.