ჩეკურაანთგორის ეკლესია
ჩეკურაანთგორის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩეკურაანთგორის სასაფლაოზე. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ეკლესიის თითქმის კვადრატული (6,5x6 მეტრზე) მოხაზულობის გეგმა შეიცავს ორ ნავს, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება სვეტზე დაყრდნობილი ორი ფართო თაღით. ჩრდილოეთის ნავი სამხრეთისაზე ერთნახევარჯერ განიერია და აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. სამხრეთის ნავი სწორკუთხაა. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: მთლიანაა ჩამონგრეული ნავების კამაროვანი გადახურვა და გამყოფი თაღები; მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები; ეკლესიის აღმოსავლეთ ჩრდილო და დასავლეთ კედლების შემორჩენილ ნაწილს გარედან მიწაყრილი ფარავს. შესასვლელი სამხრეთის ნავის სამხრეთ კედელშია, მისგან მხოლოდ აღმოსავლეთ წირთხლის ქვედა ნაწილია შემორჩენილი. აფსიდის ღერძზე გაჭრილია მაღალი, გარეთკენ შევიწროებული სწორუთხა სარკმელი, რომლის მარჯვნივ მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. შემორჩენილია კონქის თაღის ჩრდილო ქუსლი. ნავების გამყოფი თაღების საყრდენი სვეტი გეგმით წრიულია. ნაწყობია ნატეხი ქვით, დასრულებულია ქვიშაქვის ორი ფილისგან შედგენილი კაპიტელით. სამხრეთის ნავის აღმოსავლეთ ბოლოში ნახევარცილინდრული კამარით გადახურული საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში, როგორც ჩანს, მცირე ზომის სარკმელი ყოფილა. ამჟამად კედლის ნაწილი განგრეულია და სარკმლის კვალი აღარ ჩანს. კედლის მთელ სიგრძეზე ნატეხი ქვით ნაგები ტრაპეზია მიშენებული, რომელშიც ერთი მცირე ზომის ნიშია. ერთი პატარა კვადრატული ნიშია საკურთხევლის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში. გარედან ეკლესიის შემორჩენილი კედლები მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 421.