შუაღამის შვილები
„შუაღამის შვილები“ (ინგლ. Midnight's Children) — სალმან რუშდის 1981 წლის რომანი. ნაწარმოებში მოქმედება ავტორის მშობლიურ ინდოეთში, პაკისტანსა და ბანგლადეშში მიმდინარეობს. ნაწარმოები კრიტიკოსთა მიერ შეფასებულ იქნა, როგორც პოსტკოლონიური ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი.
რომანმა 1981 წელს ბუკერის და ტაიტ ბლეკის მემორიალური პრემიები დაიმსახურა. მან ასევე მიიღო 1993 და 2008 წლების „ბუკერების ბუკერის“ პრემია, ბუკერის პრემიის 25 და 40 წლისთავის იუბილეზე, როგორც ამ პრემიის ისტორიაში საუკეთესო რომანმა. „შუაღამის შვილები“ ერთადერთი ინდური რომანია, რომელიც შევიდა ჟურნალი ტაიმის სიაში „100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანი 1923 წლიდან“.
სიუჟეტი
რედაქტირება„შუაღამის შვილები“ ე. წ. თავისუფალი ალეგორიაა ინდოეთში მომხდარი მოვლენებისა მისი დამოუკიდებლობისა და დანაწილების პერიოდში, რომელიც 1947 წლის 15 აგვისტოს შუაღამეს მოხდა. რომანის მთავარი გმირი და მთხრობელია სალიმ სინაი, დაჯილდოებული ტელეპატიითა და განსაკუთრებული ყნოსვითი უნარით. სალიმის დაბადების მომენტი ზუსტად ემთხვევა ინდოეთის დამოუკიდებელობის გამოცხადებას. როგორც სალიმი მოგვიანებით გამოარკვევს თავისი ტელეპატიური უნარის წყალობით, ყველა ბავშვი რომელიც 15 აგვისტოს შუაღამიდან პირველ საათამდე დაიბადა ინდოეთში, დაჯილდოებულია განსაკუთრებული ზეადამიანური შესაძლებლობებით და ეს უნარები მით უფრო ძლიერია, რაც უფრო ახლოა დაბადების მომენტი შუაღამის 12 საათთან. სალიმ სინაის ცხოვრება ქვეყნის ბედის პარალელურად იცვლება დამოუკიდებლობის შემდეგ მომხდარი მოვლენების კვალდაკვალ.
თხრობა იწყება სალიმის პაპის, დოქტორ ადამ სინაის დაბრუნებით ქაშმირში, სადაც იგი მომავალ მეუღლეს მკურნალობს. მაჰმადიანური ტრადიციის თანახმად მას ეკრძალება პაციენტის დანახვა და მკურნალობს თეთრ ზეწარში ამოჭრილი ხვრელიდან დანახული სხეულის სხვადასხვა ადგილების დათვალიერებით. შედეგად მას ნაწილ-ნაწილ უყვარდება მომავალი მეუღლე. სიმბოლურად, ზეწარს მიღმა დანახული ქალიშვილი განასახიერებს ინდოეთს მისი მრავალფეროვანი ეთნიკურ-რელიგიური კულტურით.
სალიმის მდიდარი მშობლები დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ინგლისელი კოლონისტი მესვოლდისგან ყიდულობენ მდიდრულ ვილას და ქალაქ ბომბეიში სახლდებიან. დამოუკიდებლობის გამოცხადების ღამეს სალემის დედასთან ერთად ღარიბულად მოწყობილ სამშობიარო ოთახში ბავშვს აჩენს მოხეტიალე მომღერლის ცოლი, რომელსაც ბავშვი სინამდვილეში მესვოლდისგან ჰყავს.
ორივე ბავშვი შუაღამის ბოლო ზარის დაკვრისთანავე იბადება, მაგრამ მეანი ქრისტიანი ქალი მარი პერეირა, თავისი ანარქისტი საქმროს გულის მოსაგებად, ბავშვებს უცვლის დაბადების ნომრებს. ეს საიდუმლო მჟღავნდება მოგვიანებით, პირველად მაშინ, როდესაც სალიმს სისხლის გადასხმა დასჭირდება და მას მშობლებისგან განსხვავებული სისხლის ჯგუფი აღმოაჩნდება, ხოლო მოგვიანებით თვით მარი პერეირას აღიარებით, რომელიც ამის შემდეგ გოაში გადაიხვეწება და არ ჩანს რომანის ბოლომდე.
მიუხედავად გამჟღავნებული საიდუმლოსი, სალიმი კვლავ მშობლებთან რჩება და განაგრძობს ტელეპატიურ სეანსებს შუაღამით დაბადებულ სხვა ბავშვებთან, მათ შორის მისი მშობლების ნამდვილ შვილ შივასთან, რომელსაც განსაკუთრებით უფრთხის და ცდილობს თანდათანობით ჩამოაშოროს მის მიერ დაარსებულ შუაღამის შვილთა კონფერენციას, რაც მათ შორის კონფლიქტის მიზეზი ხდება.
ჩინეთთან წარუმატებელი ინდური სამხედრო კამპანიის შემდეგ სალიმის ოჯახი საცხოვრებლად წმინდათა ქვეყანაში - პაკისტანში გადადის. ამ დროისთვის მას უკვე დაკარგული აქვს ტელეპატიის უნარი, სამაგიეროდ მისი უზარმაზარი ცხვირი გრძნობს არა მხოლოდ ნაირ-ნაირ სურნელს, არამედ სხვადასხვა ადამიანური გრძნობების სუნსაც. ამავე პერიოდში იგი სიყვარულში უტყდება მის დას ჯამილიას, რომელიც თავისი სამომღერლო კარიერის ზენიტშია და მთელი პაკისტანი მასზეა შეყვარებული. ჯამილია მოგვიანებით სალიმს სამაგიეროს გადაუხდის.
იწყება ომი ინდოეთსა და პაკისტანს შორის. ინდური ავიაციის დაბომბვის შედეგად იღუპება სალიმის მთელი ოჯახი, ხოლო თავად სალიმი კონტუზიას იღებს და ამნეზიის შედეგად ყველაფერი ავიწყდება. შურისძიებით აღვსილი ჯამილიას გავლენით, სამხედრო წრეებში ნაცნობების დახმარებით, სალიმს აგზავნიან საიდუმლო ბანაკში, რომელიც სპეციალიზდება დივერსიული ჯგუფების მომზადებაში. სალიმი იმყოფება სამკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში და ყნოსვის განსაკუთრებული უნარის გამო ძაღლის ფუნქციას ასრულებს.
1971 წელს აღმოსავლეთ პაკისტანმა (შემდგომში დამოუკიდებელმა ბანგლადეშმა) დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. პროტესტანტების დასაშოშმინებლად პაკისტანმა საიდუმლო დესანტი გადასხა. მათ შორის იყო სალიმის ჯგუფიც. ისინი დაუნდობლად გაუსწორდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. სალიმი თავის ჯგუფთან ერთად არარსებული მოწინააღმდეგის ძებნაში აღმოჩნდება ღრმა ჯუნგლებში, სადაც ჯუნგლების მაგიური ძალის დახმარებით მეხსიერება უბრუნდება. იგი თავის რაზმთან ერთად ბრუნდება დაკაში, სადაც ამ დროისთვის უკვე ინდოეთის ჯარები არიან შემოსული ამბოხებულთა დასახმარებლად. ჯარს უძღვის მაიორი შივა, რომელიც ამ ომის გმირადია. ჯარის გვერდით მოაბიჯებენ ჯამბაზები და საცირკო ხელოვნების ადამიანები. მათ შორისაა პარვატი-ჯადოქარი გოგონა, ასევე შუაღამის შვილი. პარვატის დახმარებით იგი კალათა უჩინმაჩინის მეშვეობით დელიში მოხვდება.
რომანის ამ ნაწილში სალიმს უშუალო შეხება უწევს ინდირა განდის მმართველობასთან, რომელიც მკაცრად უსწორდება საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს. ამავდროულად პერვატის შეუყვარდება სალიმი, თუმცა უპასუხო გრძნობის გამო, იგი ფეხმძიმდება შივასგან. სალემს ცოლად მოჰყავს პერვატი და მათ უჩნდებათ ბიჭუნა, რომელსაც სალიმი საკუთარი პაპის პატივსაცემად ადამს დაარქმევს.
ინდირა განდის შვილი - სინჯაი იწყებს "სისუფთავის" კამპანიას, რომელიც სინამდვილეში გულისხმობს უსახლკაროთა ვაზექტომიას. ერთ დილას ჯამბაზების კარვების ქალაქს, სადაც სალემი თავის ოჯახთან ცხოვრობს, მოადგება შეიარაღებული რაზმი შივას ხელმძღვანელობით და ხდება კარვების მოსახლეობის დაჭერა. ორომტრიალში იღუპება პერვატი, ხოლო სალემი გადაჰყავთ ციხეში, რომელშიც ინდირა განდის პოლიტიკური ოპონენტები არიან გამომწყვედეული.
სალემთან ერთად აპატიმრებენ შუაღამის შვილებს და მათ ვაზექტომიას უტარებენ, ხოლო ამოცლილ გენიტალიებს შეწვავენ და ძაღლებს უყრიან საჭმელად. კასტრაციას უკეთებენ ასევე შივასაც, რომელიც ამ პროცესს ნებაყოფილობით თანხმდება.
ციხიდან გათავისუფლებული სალიმი მოძებნის შვილს და მიემართება ბომბეიში, სადაც ერთ-ერთ ღამის კლუბში ვახშმობისას ბავშვობიდან ნაცნობი საჭმლის გემოს იგრძნობს. ეს არის მწნილი, რომელსაც ბავშვობაში მისი ძიძა მარი პერეირა ამზადებდა. სალიმი მოძებნის მარინადის დამამზადებელ ფაბრიკას, რომლის მფლობელიც მისი ძიძა აღმოჩნდება. აქ მთავრდება სალიმის ფათერაკები და იგი იწყებს თავგადასვლის აღწერას, რომელსაც შვილს - ადამ სინაის, უღვნის.
განხილვა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Santiago, Juan-Navarro. "The Dialogic Imagination of Salman Rushdie and Carlos Fuentes: National Allegories and the Scene of Writing in Midnight's Children and Cristóbal Nonato დაარქივებული 2012-02-19 საიტზე Wayback Machine. ." Neohelicon 20.2 (1993): 257-312.