შრომის კლუბი — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში. კლუბი აშენებულია 1956 წელს.

შრომის კლუბი დგას სოფლის სკოლის გვერდით

ბეტონის ნაგებობა ორსართულიანია. ჩრდილოეთით მოქცეული ფასადი დანაწევრებულია ორივე სართულზე განლაგებული მართკუთხა მოყვანილობის ფანჯრის ღიობებით. ნაგებობის ინტერიერის აღმოსავლეთ მონაკვეთში განთავსებულია კულტურის სახლის დარბაზი, რომელიც მხატვრული ელემენტების სიმდიდრით გამოირჩევა. დარბაზის მონუმენტური მხატვრობა შესრულებულია მხატვრის რობერტ სტურუას მიერ. მასშტაბურობით გამოირჩევა დეკორატიულ ჩარჩოში მოქცეული, სოციალისტური რეალიზმის სტილში შესრულებული პლაფონის ცენტრალური მხატვრული კომპოზიცია, რომელიც ასახავს ცის ფონზე წარმოდგენილი გურული გლეხების ყოფით სცენებს. დარბაზის ჭერის კუთხეებში ჩართულია შედარებით მცირე ზომის დეკორატიულ მედალიონებში ჩაწერილი, ყოფითი ჟანრის ოთხი დამოუკიდებელი ფერწერული კომპოზიცია. ღია მწვანე შეფერილობის ჭერი ასევე გაფორმებულია თეთრი და ოქროსფერი, თაბაშირით გამოყვანილი მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტული სახეებით. პარტერში განთავსებულია ხის სადა სკამები. ინტერიერის კედლებს ორ რეგისტრად ყოფს პროფილირებული კარნიზი და მაყურებლებისთვის განკუთვნილი (მუცლიანი მოყვანილობის) ზედა იარუსი, რომელიც დარბაზს სამი მხრიდან მიუყვება. იარუსის დასავლეთის მონაკვეთი დაფუძნებულია ოთხ სვეტზე. ქვედა რეგისტრში კედლებს პილასტრები ანაწევრებს. გრძივი კედლების ზედა რეგისტრს მიუყვება ფართო, მართკუთხა ფანჯრის ღიობები.

სცენის ფართო ღიობს გარშემოუყვება მცენარეული ორნამენტებით გაფორმებული დეკორატიული არშია. ხოლო შუბლზე წარმოდგენილია ჰერალდიკური სკულპტურული კომპოზიცია, რომლის ცენტრშიც გამოსახულია საქართველოს სსრ-ის გერბი და მისგან სიმეტრიულად, მარჯვენა და მარცხენა მხარეს ჩამომჯდარი ახალგაზრთა ქალისა (ჩონგურით ხელში) და მამაკაცის (მომღერალი) გამოსახულება.

ეზოს ჩრდილოეთით აღმართულია ალაყაფის კარები დეკორატიული ქოთნებით დასრულებული მართკუთხა გეგმარების სვეტები, რომელთა შორის მოქცეულია მხატვრულად დამუშავებული ლითობის ჭიშკარი. შენობის ძირითად კორპუსს სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან გააჩნია მოგვიანო პერიოდში განხორციელებული ორსართულიანი მინაშენი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17874