შირვანული თანგა, ვერცხლის მონეტა, მოჭრილი XV საუკუნეში შირვანში (აზერბაიჯანი) თემურლენგის მაღალხარისხოვანი ვერცხლის მონეტის მიხედვით. მასა 6,2 გ. დროთა განმავლობაში მასა კლებულობდა და ფარიხ იესარის მმართველობის დროს (1462-1500) 1,90-1,75 გ-მდე დაეცა. მონეტის შუბლზე და ზურგზე არაბული ზედწერილებია. შირვანული თანგის განძები აღმოჩენილია საქართველოშიც: სოფელ საქობოში (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) XV საუკუნის I ნახევარში შემახასა და ბაქოში მოჭრილი შირვანული თანგები; სოფელ თამარაშენში (ცხინვალის რაიონი), რომელთაგან ყველაზე გვიანდელი მონეტა 1462-1463 წლებით თარიღდება; დუშეთის მუნიციპალიტეტში XV საუკუნის I ნახევრის შირვანული თანგები, რომლებიც მოჭრილია ბაქოში, დარუბანდსა და შემახაში და ქართული მონეტები; სოფელ ალში (ხაშურის მუნიციპალიტეტი) ხალილულა I-ისა (1417-1462) და ფარუხ იესარის დროს მოჭრილი შირვანული თანგა, რომელთაგან ყველაზე გვიანდელი მონეტა 1492-1493 წლებით თარიღდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დუნდუა გ., „სამონეტო მიმოქცევის საკითხისათვის XV საუკუნის საქართველოში“, თბ., 1964;
  • Джалагания И. Л., Дундуа Г. Ф., „Обращение Ширванских монет XV века в Грузии“, «Известия АН Азербачджанской ССР, Серия истории, философии и права, 1973, № 4, 1974, № 1.