შილდის წმინდა გიორგის ეკლესია

შილდის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის თავში, საკარმიდამო ნაკვეთების ტერიტორიაზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვით. კარ-სარკმლებისა და ნაწილობრივ გარეთა კუთხეების წყობაში გამოყენებულია აგური. დაზიანებულია: არ შემორჩენილა ლავგარდანი, ჩამოშლილია საბურავი.

შესასვლელი დასავლეთითაა. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან სწორკუთხა. ეკლესიის კვადრატული ფორმის დარბაზი აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც უკონქოა და დარბაზთან ერთად, გადახურულია საერთო კამარით. ამის გამო აფსიდის კედელი არ ერწყმის კამარას და მისი ქუსლის დონეზე, აფსიდის მომრგვალების შესაბამისად, წარმოქმნის საფეხურს. თავად კამარა არაწესიერი ნახევარწრეა და წყობითაც ტლანქია. აფსიდში და დასავლეთ კედლის ღერძზე თითო მცირე, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ორივე სარკმელს ჰორიზონტალური გადახურვა და თითქმის პარალელური წირთხლები აქვს. აღმოსავლეთი სარკმლის ქვემოთა კედელს აგურის ტრაპეზი ეკვრის.

შენობის საფასადო წყობა ირეგულარულია. მასში, აქა-იქ, რიყის წვრილი ქვებისგან შედგენილი თითო ჰორიზონტალური ზოლია ჩართული. ეკლესია გადახურული იყო ღარისებრი კრამიტით, რომლის ნაწილი ნაგებობის ირგვლივაა მიმობნეული.

ლიტერატურა

რედაქტირება