შილდის ღვთისმშობლის ეკლესია
შილდის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ჩრდილო-დასავლეთით, განაპირას. მდინარე ჩელთის მარცხენა ნაპირზე. ძეგლი კომლექსია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ღვთისმშობლის ეკლესია, კოშკი, ნაგებობათა ნაშთები და გალავანი.
ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, თარიღდება VI საუკუნით. ნაგებია ფლეთილი ქვითა და ნატეხი ქვით. აქვს ნახევარწრიული აფსიდა. შესასვლელი სამი მხრიდანაა. ეკლესიას შემოუყვება გეგმით მრავალკუთხედი, ორიარუსიანი გალავანი. ქვედა იარუსი ყრუა, ზედა – საბრძოლო. გალავნის დასავლეთით, კედელში დგას კოშკი, რომლის ქვედა სართულში შესასვლელია. ძეგლს რამდენჯერმე შეკეთების გამო თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი. ყველაზე დიდი შეკეთება ნაგებობას XIX საუკუნეში განუცდია, ტაძარში ამბროსი ნეკრესელის მოღვაწეობის დროს. ამ დროს განუახლებიათ მთავარი ეკლესიის კედლების ზედა ნაწილები და კამარა, მოუწყვიათ აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდანი, გადაუკეთებიათ გვერდითი ნავების შესასვლელები, მთავარი ეკლესია და გვერდითი ეკლესიების დამაკავშირებელი დერეფანი შიგნიდან მთლიანად შეულესავთ და შეუთეთრებიათ.
შუა ეკლესიას სამი მაღალი შესასვლელი აქვს: სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. სამივე კარი გარედან, დიდი ზომის, არაწესიერი ფორმის ქვით, თარაზულადაა გადახურული, ხოლო შიგნიდან ნალისები თაღი ხურავს. შუა ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი აფსიდით. აფსიდში მოწყობილია ნახევარწრიული თაღით გადახურული სარკმელი, რომელსაც თითქმის პარალელური წირთხლები აქვს. სარკმლის ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშაა. თითო თაღოვანი სარკმელი დანარჩენ კედლებშიცაა. საკურთხევლის თაღი ნალისებრია. აფსიდს მთელ პერიმეტრზე საფეხური გასდევს, რომლის შუა ნაწილში, სარკმლის ქვემოთ, წინამძღვრის ტახტია მოწყობილი.
ჩრდილოეთი ნავის აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილია გეგმით სწორკუთხა, ცილინდრული კამარით გადახურული სათავსი, რომელიც კარით უკავშირდება როგორც ჩრდილოეთ ნავს, ასევე მთავარი ეკლესიის საკურთხეველს.
სამხრეთის ეკლესია ერთიანია. სწორი კედლით, რომელშიც გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სამხრეთ კედლის შუაში შიგნიდან სწორკუთხა, ხოლო გარედან ისრული თაღით დასრულებული გვიანდელი შესასვლელია.
შესასვლელის ჩრდილოეთით და სამხრეთით რამდენიმე საცხოვრებელი ნაგებობა იდგა. ეკლესიასა და გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეს შორის სამსართულიანი, ოთხკუთხა კოშკია. იგი გეგმით კვადრატულია (5 X 5 მ). შედგება სამი სართულისაგან. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. გვიანდელი გადაკეთების შედეგად სახეშეცვლილია. თავდაპირველად სართულშუა გადახურვები ხის ყოფილა. მოგვიანებით ქვედა ორი სართული გადაუხურავთ ქვის კამარით, რომელთა დასაყრდნობად ორივე სართულის ოთხივე კუთხეში აუგიათ გეგმით კვადრატული მასიური სვეტი.
გალავანი გეგმით უსწორმასწორო მრავალგვერდაა და ოდნავ აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებითაა წაგრძელებული. ნაგებია რიყის ქვით. წყობაში ალაგ-ალაგ გამოყენებულია აგური. შემორჩენილი ნაწილებით ირკვევა, რომ იგი ორიარუსიანი ყოფილა. გალავნის ქვედა იარუსი ყრუ ყოფილა, მეორე იარუსი კი - საბრძოლო. შესასვლელი გალავანს დასავლეთიდან ჰქონია.
გალავანი, საცხოვრებელი ნაგებობები და კოშკი თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.
შილდის ღვთისმშობლის ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 463-467.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-04.