შემოდგომის ნათესების ხვატარი (ლათ. Agrotis segetum) — პეპელა ხვატრისებრთა ოჯახისა. ბევრი სასოფლო-სამეურნეო კულტურის საშიში მავნებელია. წინა ფრთები მურა ან მოშავოა, უკანა — ღია ფერისა. საქართველოში გვხვდება ტენიან და სარწყავ რაიონებში. შემოდგომის ნათესების ხვატარის მატლი აზიანებს თავთავიან და ბოსტნის კულტურებს, თამბაქოს, სიმინდსა და სხვა. ხვატარი ნიადაგის ზედაპირთან ღრღნის ახალდათესილ თესლს, აღმონაცენსა და თვით მცენარეს. ზამთრობს მატლის ფაზაში, გაზაფხულზე ნიადაგის ზედაფენაში ჭუპრდება. 2 კვირის შემდეგ გამოდის პეპელა, რომელიც 2000-მდე კვერცხს დებს. საქართველოში წელიწადში 2-3 თაობას იძლევა. ბრძოლის ღონისძიებანი: აგროტექნიკური ღონისძიებანი, თესლის თესვისწინა დამუშავება, მოშხამული მისატყუარისა და ტრიქოგრამის გამოყენება.