შაჰ-თამაზის პირველი ლაშქრობა საქართველოში
შაჰ-თამაზის პირველი ლაშქრობა – ირანის შაჰის, სეფიანთა დინასტიის წარმომადგენლის თამაზ I-ის საქართველოში ლაშქრობების ერთ-ერთი ეტაპი. ლაშქრობა გაიმართა 1541 წელს.
წინაპირობა
რედაქტირებაოსმალო და ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართლის თავდადებული ბრძოლების მეთაური XVI საუკუნის 40-50-იანი წლებში იყო მეფე ლუარსაბ I (1527-1556 წწ.). ლუარსაბის მეფობის პირველ ხანებში ქართლში შედარებით მშვიდობა სუფევდა, მაგრამ 40-იანი წლებიდან საქართველოს ეს მცირე ქვეყანა ჩაება უთანასწორო და სისხლისმღვრელ ბრძოლებში უძლიერესი აგრესორების წინააღმდეგ. ეს ბრძოლები რამდენადმე უკავშირდება ირან-ოსმალეთის პირველ ომს, რომლის ხანძარი სწორედ ამ ხანებში განსაკუთრებული სიმძაფრით დაენთო. შემტევი მხარე ძირითადად ოსმალეთი იყო, მაგრამ ირანიც აქტიურად იცავდა თავს. ირანის გააქტიურებას ის უწყობდა ხელს, რომ ოსმალეთის სულთნს სულეიმანს (1520-1566 წწ.) ორ ფრონტზე უხდებოდა ბრძოლა. იგი ხან ევროპისკენ წარმართავდა ბრძოლებს, ხან აღმოსავლეთით გადმოისროდა თავის ძალებს. ამიტომ ენერგიული შაჰ-თამაზ I (1524-1576 წწ.), როგორც კი ოსმალეთის მოუცლელობას მოიხელთებდა, დაუყოვნებლივ ცდილობდა განემტკიცებინა პოზიციები ოსმალეთის სასაზღვრო რაიონებში და, ბუნებრივია, ამ მხრივ მის ყურადღებას ამიერკავკასიის ქვეყნები იქცევდა.
მიმდინარეობა
რედაქტირება1540 წელს შაჰ-თამაზი დიდი ჯარით ყარაბაღში შემოვიდა. აქ მასთან საჩუქრებით გამოცხადდა კახეთის მეფე ლევანი (1518–1574 წწ.) და მესხეთიდან გამოძევებული ქაიხოსრო. ლუარსაბი ყიზილბაშთა მბრძანებელს არ ეახლა. 1541 წელს შაჰმა თავისი ჯარიდან საგანგებოდ 12 000 მხედარი შეარჩია და თბილისზე თავდასხმა უბრძანა. ყიზილბაშთ მხედრობა თბილისს ღამით მოულოდნელად მოადგა და ქალაქში შეიჭრა.
ლუარსაბი შემთხვევით თბილისში არ იმყოფებოდა. მას უმცროსი ვაჟიშვილი გარდაცვლოდა და დასაკრძალავად მცხეთას იყო წასული. თბილისის დაცვა ქალაქის მოურავსა და ციხისთავ გულბაათს ჰქონდა დავალებული. მაგრამ მტრის მოულოდნელი შემოსევით დამფრთხალმა მოღალატემ ციხე უომრად დათმო და თვითონაც დამპყრობლის მხარეზე გადავიდა. შაჰთამაზმა თბილისის ციხეში თავისი გარნიზონი შეიყვანა, ხოლო ნაწილი ლუარსაბ მეფის შესაპრობად გააგზავნა. მან თავისი ძალა ორად გაყო. ერთი გორის მიმართულებით გაუშვა, მეორეს კი ქვემო ქართლის დარბევა უბრძანა. აქ ყიზილბაშებმა ზოგიერთი ქართველი თვადის ღალატით ბირთვისი მიუდგომელი ციხე აიღეს. ციხეში თავშეფარებულთა დიდი ნაწილი დახოცეს, ქალები და ბავშვები დაატყვევეს.
ლუარსაბ მეფე ამ მძიმე მომენტში სულით არ დაცემულა, მტერთან პირისპირ შესაბმელად მას ძალა არ ჰყოფნიდა, ამიტომ პარტიზანულ ომებზე გადავიდა. ქართლის მეფე მტერს დიდგორთან დახვდა, დიდად დააზარალა და ბრძოლით გაეცალა. მისი რაზმები მტერს უსაფრდებოდნენ და მოულოდნელი თავდასხმებით ანადგურებდნენ. შაჰ-თამაზი იძულებული იყო შეეწყვიტა ბრძოლები და თავისი შეთხელებული ლაშქრით უკან გაბრუნებულიყო. ამ ლაშქრობით შაჰ-თამაზმა მართალია თბილისი დაიკავა, მაგრამ თავის მთავარ მიზანს მაინც ვერ მიაღწია – ვერც ლუარსაბი დაატყვევა და ვერც ქართლი დაიმორჩილა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორია, ტ. III, თბ. 2008 წ. გვ. 165-166