შაქრიანის წმინდა გიორგის ეკლესია
შაქრიანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანის განაპირას. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია გეგმით თითქმის კვადრატულია, ფართობი — დაახლოებით 70 კვადრატული მეტრი. დასავლეთიდან, მთელ სიგანეზე, ეკვროდა გვიანდელი მინაშენი, რომლის საძირკვლის ნაშთებიღაა შემორჩენილი.
შენობა ნაგებია ნატეხი ქვით. ფასადები მოგვიანებით შეულესავთ.
ერთადერთი შესასვლელი ეკლესიის დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნახევარშია. კარი თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით არაწესიერი ფორმის აფსიდია, რომლის შუაში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ჩრდილოეთით ოთხკუთხა ნიშაა. აფსიდის მხრების ხაზზე დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი. ეკლესიის დარბაზი საგრძნობლად მოკლეა, გადახურულია ნახევარწრიული ფორმის სხმული კამარით.
აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ქვეშ, შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. ეკლესია გადახურულია კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგობიანი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 449.