შარლოტა (ნამცხვარი)

შარლოტა (ფრანგ. charlotte) — დესერტის სახეობა, რომლის მირთმევაც შეიძლება როგორც ცხლად, ისე ცივად. ზოგჯერ მას „ყინულის კუბის ნამცხვარსაც“ უწოდებენ. იგი არის პურისებრი ბისკვიტის ნამცხვარი, რომელსაც შიგნიდან ავსებენ ხილის პიურეთი ან კრემით, ზემოდან კი შოკოლადით აფორმებენ.

შარლოტა

ტრადიციულად, შარლოტას კრემის მოსამზადებლად კარაქი გამოიყენებოდა, თუმცა დღეისათვის მას უკვე სხვადასხვა ინგრედიენტით ანაცვლებენ. ნამცხვრის შიგნით კრემის ნაცვლად, შესაძლებელია გამოყენებული იყოს მსგავსი არომატის მქონე ჟელატინის თხელი ფენაც.

ვინაიდან შარლოტა მარტივი მოსამზადებელია, მისი მრავალი სახეობა ჩამოყალიბდა. შარლოტების უმეტესობა ცივად მიირთმევა, ამიტომაც იგი უფრო თბილ სეზონებზეა პოპულარული. ხილის შარლოტები, როგორც წესი მზადდება ხილის პიურეთი ან კონსერვით, უმეტესად ჟოლოსი ან მსხილის, ასევე ამზადებენ ნაღებისა და ხილის კრემიან შარლოტებს. აგრეთვე გავრცელებულია შოკოლადის შარლოტა, რომელიც მზადდება შოკოლადის მუსის რამდენიმე ფენისაგან. აღსანიშნავია ბავარიული კრემით მომზადებული შარლოტაც.

უნდა აღინიშნოს, რომ კოლონიურ პერიოდში შეიქმნა ალჟირული შარლოტაც, რომელიც ერთობ განსხვავებულია ტრადიციულისაგან და მზადდება თაფლით, ფინიკით, ფორთოხლის ცედრითა და ნუშით.

რუსული შარლოტა, ან როგორც ფრანგები უწოდებენ Charlotte russe, გამოიგონა ფრანგმა მზარეულმა მარი ანტუან კარემმა (1784-1833), რომელმაც მას სახელი დაარქვა დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ IV-ის ერთადერთი ქალიშვილის, პრინცესა შარლოტა ავგუსტას პატივსაცემად. სიტყვა „რუსული“ მის ნამცხვარში მხოლოდ მისი იმჟამინდელი დამსაქმებლის, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის გავლენით მოხვდა. რუსული შარლოტა მზადდება ბავარიული კრემისაგან, გაფორმებულია სავოიარდებით და მიირთმევა ცივად. რუსული შარლოტა ერთობ პოპულარული დესერტი იყო 1930-50-იან წლებში, რომელიც ნიუ-იორკშიც კი იყიდებოდა. აღსანიშნავია, რომ იგი ამერიკელებმა თითქმის მთლიანად შეცვალეს და შექმნეს ყვითელ ბისკვიტზე წასმული ათქვეფილი ნაღებისა და მარაშინოს ალუბლისგან მომზადებული შარლოტა.

აღსანიშნავია მისი კიდევ ერთი სახეობა, სახელად სამეფო შარლოტა, რომელიც რუსული შარლოტას იდენტურია, თუმცა ამ შემთხვევაში სავოიარდებს შვეიცარიული რულეტის ნაჭრები ანაცვლებს.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

შარლოტას სახელთან დაკავშირებით მრავალი ვერსია არსებობს. ვინაიდან იგი მთელს ევროპაშია გავრცელებული, თითქმის ყველა ერს თავისი ვარიანტი აქვს. XV საუკუნის ინგლისში უკვე იყო გავრცელებული ნამცხვარი, სახელად „ჩარლეტსი“, რომელიც შემდეგში გახდა ნამცხვარი შარლოტა. მიიჩნევა, რომ მას სახელი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ III-ის მეუღლის, დედოფალ შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელის პატივსაცემად ჰქვია, რომელიც ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მეორეს მხრივ, არსებობს ვერსია, რომ მას სახელი რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ცოლის, იმპერატრიცა შარლოტა პრუსიელის (გათხოვების შემდეგ ალექსანდრა ფიოდოროვნა) პატივსაცემად ჰქვია. ასევე მიიჩნევა, რომ იმპერატორმა ალექსანდრე I-მა არა ბრიტანეთის მეფის ასულ შარლოტა ავგუსტას, არამედ სწორედ თავისი რძლის, შარლოტა პრუსიელის პატივსაცემად დაარქვა სახელი რუსულ შარლოტას. მთელი ამ ვარაუდების გამო, დაზუსტებით არაა ცნობილი, თუ ვის სახელს ატარებს ნამცხვარი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • "Charlotte Royale". Food- dictionary.com. Archived from the original on 2010-07-29.
  • Olver, Lynne. "Food Timeline FAQs: charlotte to hush puppies". The Food Timeline. Retrieved February 27, 2010.
  • Stradley, Linda. History of Charlotte Russe. What's Cooking America, 2004. Accessed February 27, 2010.
  • Ashkenazi, Michael; Jacob, Jeanne (2006). The World Cookbook for Students. Greenwood. p. 17.
  • "charlotte russe". The American Heritage Dictionary of the English Language, Fourth Edition. Boston: Houghton Mifflin Company, 2004. Accessed via Dictionary.com, February 27, 2010.