შამილ ავიძბა
შამილ ხურშუტის ძე ავიძბა (დ. 1914, სოფელი მოქვი, სოხუმის ოკრუგი, რუსეთის იმპერია — გ. 22 აპრილი, 1987) — საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე. აფხაზეთის ასსრ-ის I და V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაშამილ ავიძბა დაიბადა 1914 წელს სოფელ მოქვში, ღარიბი გლეხის ოჯახში. მშობლები ადრევე გარდაეცვალა. 10 წლისამ სწავლა დაიწყო ოჩამჩირის ცხრაწლედში, საიდანაც გადავიდა სოხუმის ბავშვთა სახლში.
1929 წელს შამილ ავიძბა მუშაობას იწყებს ღვინის საწყობში, შემდეგ — სოხუმის თამბაქოს ფაბრიკაში. 1931 წელს ლენიგრადში გაემგზავრა, სადაც სწავლობდა ლენინგრატის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ მოსამზადებელ კურსებზე. 1932 წელს მუშაობა დაიწყო ზეინკლად მუშაობა ლენინგრადის თამბაქოს ფაბრიკაში, პარალელურად კი სწავლობდა საღამოს ტექნიკუმში. 1934 წელს სოხუმში დაბრუნდა, სადაც მუშაობა დაიწყო სტალინის სახელობის სოხუმის თამბაქოს ფაბრიკაში საამქროს უფროსად და ტექნიკოსად.
1934-1935 წლებში შამილ ავიძა სწავლობდა აღმოსავლეთის მშრომელთა სტალინის სახელობის მოსკოვის კომუნისტურ უნივერსიტეტში. 1936 წელს გაწვეული იყო წითელ არმიაში.
1937 წელს წითელი არმიიდან მისი დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა პარტიის ოჩამჩირის რაიკომის ინსტრუქტორად, შემდეგ კი აფხაზეთის ასსრ-ის ცაკის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.
1938 წლის 14 ივლისიდან 2 აგვისტომდე იყო აფხაზეთის ასსრ-ის კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარი.
საქართველოს კპ (ბ) წევრი 1932 წლიდან.
მეორე მსოფლიო ომმა შ. ავიძბას ლენინგრადში მოუსწრო, სადაც ის სწავლობდა კომუნალური მეურნეობის აკადემიაში. სამხედრო-პოლიტიკური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ბლოკადის 900 დღიის განმავლობაში იბრძოდა ნაღმსატყორცნ გვარდიულ ნაწილში. 1944-1946 წლებში შ. ავიძბა შედიოდა რა მე-2 შორეული აღმოსავლეთის ფრონტის შემადგენლობაში, მონაწილეობდა ჩინეთში იაპონელების წინააღმდეგ ბრძოლაში, შემდეგ 1947 წლამდე მსახურობდა იმიერბაიკალის-ამურის სამხედრო ოლქში.
დემობილიზაციის შემდეგ 1955 წლამდე ის ლენინგრადში ცხოვრობდა, სადაც სხვადასხვა დროს მუშაობდა პოლიტგანყოფილების ინსტრუქტორად, ბალტიის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს პოლიტიკური ნაწილის უფროსის მოადგილედ, ურიცკის სახელობის თამბაქოს ფაბრიკის განყოფილების უფროსად.
1956 წელს დაბრუნდა აფხაზეთში, სადაც სოხუმში მუშაობა დაიწყო აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოში პოლიტგანყოფილების უფროსად, შემდეგ გაგრაში მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის დირექტორად, სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თაჯდომარედ.
იყო არჩეული აფხაზეთის ასსრ-ის I და V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
1974 წლიდან იმყოფებოდა პენსიაზე. ამავდროულად იყო საქართველოს კომპარტიის გაგრის საქალაქო კომიტეტის წევრი, პარტიის ვეტერანთა საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე, სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს დეპუტატი.
გარდაიცვალა 1987 წლის 22 აპრილს.
ჯილდოები და მედლები
რედაქტირებადაჯილდოვებული იყო სამამულო ომის I და II ხარისხის ორდენებით და შვიდი მედლით. მინიჭებული ჰქონდა ნიშანი „50 წელი სკკპ რიგებში“.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №119 (217), 26 მაისი, 1938
- გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №81 (12447), 24 აპრილი, 1987
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Шамиль Хуршутович Авидзба დაარქივებული 2021-09-30 საიტზე Wayback Machine.