შალვა ჭანიშვილი

ქართველი აგრონომი

შალვა თომას ძე ჭანიშვილი (დ. 20 მარტი, 1900, ქუთაისი — გ. 13 აგვისტო, 1986, თბილისი) — ქართველი აგრონომი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1959), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

1923 წელს დაამთავრა მილანის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1923–1926 წწ. აგრონომად მუშაობდა საფრანგეთში. 1926–1942 წლებში საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროფილის სამეცნიერო დაწესებულებებში სხვადასხვა თანამდებობებზე იყო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა. 1942–1952 წლებში იყო მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი. 1952–1958 წლებში საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აგროქიმიის განყოფილების გამგე. 1958 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის პროფესორი. ჭანიშვილმა შეისწავლა საქართველოს მინდვრის კულტურების აგროტექნიკის საკითხები, დაამუშავა სანაწვერალო კულტურების თესვა-მოყვანის მეცნიერული საფუძვლები, გამოიკვლია თესლბრუნვისა და ნიადაგის დამუშავების საკითხები. დაჯილდოებულია არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი.

ლიტერატურა

რედაქტირება