ყვარლის სამების ეკლესიის კომპლექსი

ყვარლის სამები ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ქალაქ ყვარლის დასავლეთით 4,5 კილომეტრზე, კუდიგორის მთაზე. ძეგლი სამეკლესიიან ბაზილიკათა ტიპს მიეკუთვნება. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. ეკლესიის აგების თარიღთან დაკავშირებით არსებობს მეორე მოსაზრებაც, არქეოლოგი ნ. ბახტაძე რომელიც 2009 წელს ძეგლზე არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა, ეკლესიას VI საუკუნით ათარიღებს.

ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის სრულიად დაუმუშავებელი ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. გარეთა კედლები გასწორებულია ბათქაშით რომელიც კედლებზე ქვებს შორის ადგილებს ავსებს და მათი ზედაპირის მნიშვნელოვან ნაწილებს ფარავს. შიგნიდან კედლები შელესილია. შენობის კვადრატს მიახლოვებულ გეგმაში (9,8x9,2 მეტრი) ჩაწერილია ერთიმეორის გვერდით განლაგებული სამი სადგური, რომლებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ, შენობის დასავლეთ ნაწილში. შუა ეკლესიების გაგრძელებაზე გვერდით ეკლესიების დამაკავშრებელი დერეფანიცა. ჩრდილოეთ ეკლესიას აღმოსავლეთიდანაც ეკვრის, მასზე ოდნავ გრძელი, გეგმით სწორკუთხა სათავსი, რომელიც შუა ეკლესიასთან კარით არის დაკავშირებული და მთავარი საკურთხევლის დამხმარე სათავსით, ალბათ სამრეკვლოს ფუნქციებს ასრულებდა. ეკლესიის შესასვლელი სამხრეთიდანაა, ეკლესიის სამხრეთ კედლის შუაშია კარი. მოზრდილი ზომის ქვით, თარაზულადაა გადახურული. შესასვლელის წინ მცირე ზომის სამხრეთით მთელ სიგანეზე გახსნილი, კამაროვანი კარიბჭეა, რომელსაც დამოუკიდებელ, ორფერდა სახურავს ხურავს.

შუა-მთავარ ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან, ორივე კარი შიგნიდან თაღოვანია გარედან-სწორკუთხა. კარების წირთხლებში დატანილია საურდულე ხერელები. ეკლესიის დარბაზის სიგრძე- 3,7 მეტრი, სიგანე 3,2 მეტრია. გარეთ შევიწროვებულია სარკმელი რომლის ორივე მხარეს თითო ნიშაა. ხოლო ქვემოთ კედლებზე, კუბური ფორმის ტრაპეზიაა.მთავარ ეკლესიას, საკურთხევლის სარკმლის გარდა სამხრეთ კედელში გაჭრილი სარკმელიც აშუქებს, იგი საკურთხევლის სარკმელზე უფრო მაღალია და დადაბლებული ნალისებრგვერდებიანი თაღი ხურავს.

ინტერიერი, როგორც ჩანს გეომეტრიული ხაზებით ყოფილა შემკული (აქა-იქ შემორჩენილია წითელი და მოშავო საღებავებით გამოყვანილი ხაზები). შუაში მაღალი და განიერი კარია რომელიც სამკვეთლოში გადის. კარი მთავარი ეკლესიის მხრიდან თაღოვანია, სამკვეთლოს მხრიდან კი თარაზულადაა გადახურული სამკვეთლო განათებულია ღმოსავლეთ კედელში გაჭრილი, ვიწრო, მაღალი სწორკუთხა სარკმლით. გადახურულია ცილინდრული კამარით, რომლის ერთი ქუსლი მთავარი ეკლესიის ჩრდილო ეკლესიაზე მიდგმულ ორ სწორკუთხა პილასტრს, და მათზე გადაყვანილ სამ თაღს ეყრდნობა. კარიბჭე ეკლესიაზე მოგვიანებითაა მიშენებული გადახურულია ნახევარცილინდრული კამარით, კარიბჭის აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა ნიშაა რომელშიც მოწყობილია სათოფურის მსგავსი მხვრელი.ეკლესიის ფასადები ბაზილუკური მოხაზულობისაა. აღმოსავლეთ ფასადებზე მთავარი და გვერდითი, ეკლესიის კედლები ერთმანეთს წყობით არ ებმის და მათ საზღვარზე ნაკერია შექმნილი. ფასადები დასრულებულია ნატეხი ქვით და ნაწყობი ორსართულიანი ლავგარდნებით.

ეკლესიას ჩრდილოეთიდან ეკვროდა მოგვიანებით აგებული, გეგმით არაწესიერი ოთხკუთხედის ფორმის, მოზრდილიდ ნაგებობა, რომლისგანაც შემორჩენილი იყო კედლრბის ნაშთები. კიდევ ერთი ნაგებობის კვალი შეინიშნებოდა ეკლესიის ჩრდილოეთით რომელიც როგორც ჩანს, ეკლესიასთან მიშენებულ ნაგებობასთან იყო დაკავშირებული, სავარაუდოდ, აქ თავის დროზე სამონასტრო განაშენება იყო.

2009 წელს ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაფინანსებით ჩაატარა საქველმოქმედო ფონდმა „ერთგულებამ“ (არქიტექტორ- რესტავრატორები: ნ. მინდორაშვილი, თ. ნემსაძე) აღდგა ეკლესიის დანგრეული ნაწილები, და დაკონსევრდა ეკლესიაზე ჩრდილოეთიდან მიშენებული ნაგებობების შემორჩენილი კედლები, კეთილმოეწყო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, ეკლესია გადაიხურა კრამიტის საბურავით.სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა ჩატარდა არქეოლოგიური გათხრებიც (არქეოლოგი ნ. ბახტაძის გათხრების შედეგად აღმოჩნდა: სამი სამარხი სამხრეთ ეკლესიიდან), ასევე ტერიტორიაზე გამოვლინდა: კერა, თონე, ქვევრები, წყლის რეზერვუარი და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება