ყვარელწყლის ეკლესია
ყვარელწყლის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ყვარელწყლის დასავლეთით 100 მეტრზე, ტყიანი მთის სამხრეთ კალთაზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (6 X 4,4 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ძეგლი დაზიანებულია: მთლიანად ჩამოშლილია დარბაზის კამაროვანი გადახურვა, შემორჩენილ კედლებს ფართო ბზარები დაუყვება, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფასადების მნიშვნელოვანი ნაწილი მიწით არის დაფარული. ეკლესიაში შესასვლელი ორია: სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნით - თაღოვანი. ჩრდილოეთ კარის ზედა ნაწილი დანგრეულია და მისი გადახურვის ფორმის დადგენა არ ხერხდება. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო პატარა, სწორკუთხა ნიშია. აფსიდა დარბაზის გრძივი კედლებისგან ორსაფეხურიანი მხრებით არის გამოყოფილი. მხრების ხაზზე მოგვიანებით სამმალიანი კანკელი აუგიათ, რომლისგანაც მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. ეკლესიის თითქმის კვადრატული დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. დასავლეთ სარკმლის თაღის წვერი კამარის წვერამდეა ატანილი. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია ნატეხი ქვით ნაწყობი ორსაფეხურიანი ლავგარდნის მცირე ნაწილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიკაჩეიშვილი პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 154.