ყარანგოზიშვილების კოშკი

ყარანგოზიშვილების კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, დგას დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დუშეთის განაპირას, ჩრდილოეთით, მთის ფერდობზე. ეკუთვნოდა ადგილობრივ აზნაურებს — ყარანგოზიშვილებს. აგებულია XVII საუკუნეში.

კოშკს ჰქონდა გალავანი, რომლისგანაც შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთი კედლის კვალი. 1981-1982 წლებში სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნომ ძეგლზე ჩაატარა სარემონტო-საკონსერვაციო სამუშაოები. კოშკი გეგმით სწორკუთხაა, ხუთსართულიანი. ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩანგრეულია სართულშუა გადახურვები, მეხუთე სართულის კედლების მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. კოშკს შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა, პირველ სართულზე. ამჟამად ამ მხარეს სახლია მიშენებული. პირველი სართული აგურის ცილინდრული კამარითაა გადახურული, დანარჩენი სართულების გადახურვა ხის ყოფილა. კამარა შუაში ჩანგრეულია. პირველ სართულზე, შესასვლელის პირდაპირ ბუხარია, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში - თითო პატარა სარკმელი. მეორე სართული, რომელზეც კედელში დატანებული ქვის კიბით ადიოდნენ, შედარებით დაბალჭერიანია. მის სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია, რომლის გვერდებზე მოწყობილია თითო შეწყვილებული სათოფურები. სარკმლის ზემოთ კი, არათანაბრად განლაგებული სამი ვიწრო სათოფურია. მესამე სართულის დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია, დანარჩენ კედლებში - სათოფურები. მეოთხე სართულის კედლებში სათოფურების რაოდენობა მატულობს. ამ სართულს სარკმელი არ აქვს. მეხუთე სართულის შემორჩენილ ჩრდილოეთ კედელში ერთი სარკმელია.

ლიტერატურა

რედაქტირება