სტენტორი, ყანწა (ლათ. Stentor) — უმარტივესი ცხოველების გვარი ინფუზორიების კლასისა. მათი სხეულის სიგრძე 1 მმ აღწევს. აერთიანებს 10-ზე მეტ სახეობას. აქვთ ძაბრისებრი სხეული, გაფართოებულ წინანაწილზე — პირისირგვლივი მემბრანელები, რომლებიც საკვებს ატარებენ პირის ხვრელისაკენ. დანარჩენი სხეული წვრილი წამწამების სიგრძლივი რიგებითაა დაფარული. მკუმშავი ძაფების — მიონემების საშუალებით შეუძლიათ შეიკუმშონ და ბურთისებრი ფორმა მიიღონ. ბინადრობენ ზღვებსა და მტკნარ წყლებში. ზოგიერთი სახეობის ციტოპლაზმაში არის მრავალრიცხოვანი სიმბიონტი — ერთუჯრედიანი წყალმცენარეები.