ყალბი ქათმის კვერცხები
ყალბი ქათმის კვერცხები — ხელოვნური კვერცხები, რომელიც მზადდება ქიმიური ნივთიერებებისაგან. გარეგანი ნიშნით მეტად წააგავს ნამდვილი ქათმის კვერცხს. აწარმოებენ ჩინეთში ნამდვილი კვერცხების იერით არაკანონიერი რეალიზაციისთვის. ყალბი კვერცხების საკვები ღირებულება თითქმის ნულოვანია, ამასთანავე, კვერცხი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს (მაგ., ალუმინ-კალიუმის შაბი). ნაჭუჭი შედგება კალციუმის კარბონატის, პარაფინისა და გიფსის ნარევისაგან. კვერცხის გულისა და ცილისათვის გამოიყენება კალციუმის ალგინატი, ჟელატინი, პიგმენტები. თავდაპირველად მზადდება კვერცხის გული. სპეციალურად მომზადებული ქიმიური ცილისმაგვარი ნარევი პიგმენტების წყალობით იღებება ყვითლად, და სფეროსებრი ფორმის მისაღებად თავსდება სპეციალურ ნახევრადმომრგვალო ფორმაში. შემდეგ, ფორმას სფეროსთან ერთად დამცავი აფსკის ფორმირებისათვის უშვებენ კალიუმის კარბონატის ხსნარში, რომელიც კვერცხის გულს იცავს დაღვრისაგან. ცილა გულის გარშემო იმავე იერით კეთდება, მხოლოდ ოვალური სახის სხვა ფორმით. კვერცხის ნამზადის შექმნის შემდეგ, მას ფარავენ ხელოვნური ნაჭუჭით. ყალბი ქათმის კვერცხები წარმოადგენს შემოსავლიან იატაკქვეშა ბიზნესს, რადგან მათი თვითღირებულება არ აჭარბებს ნამდვილი კვერცხების ღირებულების 25 %-ს. ყალბი ქათმის კვერცხები რეგულარულად არის გაყიდვაში ჩინეთის დიდ ქალაქებში — პეკინში, შანხაიში, გუანჯოუში. გარდა ამისა, მიანმარის სამთავრობო გაზეთის „ნიუ ლაიტ ოფ მიანმა“-ს მიხედვით, იანგონში გაყიდვაში მყოფი კვერცხები დიდწილად ყალბია.