ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმი

ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმიქუთაისში არსებული ფალიაშვილების სახლი, სადაც დაიბადა და 16 წლამდე ცხოვრობდა ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე ზაქარია ფალიაშვილი. შენობა მდებარეობს ე.წ. „ფრანგების (კათოლიკების) უბანში“.

ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი

სახლ-მუზეუმი
დაარსდა 1963
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
დამაარსებლები ლილი ნუცუბიძე
ვანო ვარლამიშვილი
მდებარეობა ქუთაისი, ფ. ვარლამიშვილის ქ. №25

მუზეუმის ისტორია

რედაქტირება

მუზეუმის შექმნის იდეა XX ს-ის 60-იან წლებში დაებადათ ქუთაისელ მოღვაწეებს — პოეტ ლილი ნუცუბიძეს და ვანო ვარლამიშვილს. ამისათვის მათ დაიწყეს ექსპონატების მოძიება. ქალაქის საზოგადოება სიხარულით შეხვდა ამ ამბავს და ზაქარიასთან დაკავშირებული ნივთები და დოკუმენტები უანგაროდ შესწირეს მუზეუმს. მემორიალური ნივთების თავმოყრამ რეალობად აქცია ჩანაფიქრი. შეიქმნა სამუზეუმო ფონდი და 1963 წელს გაიხსნა სახლ-მუზეუმი.

მუზეუმში დაცულია კომპოზიტორის პირადი და საოჯახო ნივთები, სხვადასხვა საკრავები, რომლებიც ოჯახის მეზობლებს ეკუთვნოდათ და ყმაწვილი ზაქარია უკრავდა. მას განსაკუთრებით მოსწონდა ფრანგული და გერმანული მექანიკური საკრავები. მათ მოსასმენად დღეში რამდენიმეჯერ მიდიოდა სტუმრად მეზობლებთან.

მუზეუმში იმართება ქალაქის კულტურული ღონისძიებები: გამოფენები, ლიტერატურული და საიუბილეო საღამოები. მის ეზოში, ღია ცის ქვეშ კი — კონცერტები. საჯარო სკოლებისა და სამუსიკო სასწავლებლების პედაგოგები მოსწავლეებს ღია გაკვეთილებსაც უტარებენ. ხშირად ჩამოდიან სტუმრები როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ისე საზღვარგარეთიდან.

მუზეუმი ააიპ „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალს წარმოადგენს. ააიპ-ისა და მუზეუმის ადმინისტრაციების ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით, შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. საქართველოში ძველი სამუსიკო საკრავების ერთ-ერთი გამორჩეული რესტავრატორის, გიორგი შიოშვილის მიერ კი რესტავრირებულ იქნა უნიკალური მუსიკალური ინსტრუმენტები.[1]

2018 წლის მაისში, მასშტაბური აქციის, „ღამე მუზეუმში" ფარგლებში, მემორიალური სახლ–მუზეუმის ხელმძღვანელობამ დამსწრე საზოგადოებას დაარსებიდან 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მუზეუმის მიერ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების ანგარიში წარუდგინა. ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელობისგან ზ. ფალიაშვილის სახლ–მუზეუმის ხელმძღვანელი მარინა სულაქველიძე კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის სიგელით დაჯილდოვდა. მას აგრეთვე, ფასიანი საჩუქრები და „აბესალომ და ეთერის“ პარტიტურის უნიკალური გამოცემა გადაეცა.

დიდი ქართველი კომპოზიტორის პატივსაგებად იუნესკომ ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150-ე, 2021 წელი ზაქარიას წლად გამოაცხადა. 10 თებერვლიდან მუზეუმმა დაიწყო საერთაშორისო რანგის მოვლენის აღნიშვნა და საიუბილეო ღონისძიებების განხორციელება. ქუთაისის საპატიო მოქალაქემ, კულტურული მემკვიდრეობის ქომაგმა, ქველმოქმედმა და ექიმმა მერაბ კვიცარიძემ სახლ-მუზეუმი დაასაჩუქრა მონოგრაფიული ნაშრომით „ზაქარია ფალიაშვილი“ (წიგნის ავტორი ნინი სანადირაძე). მაისში „მუსიკის დღეები 2021“-ის ფარგლებში მუზეუმში გაიმართა შემოქმედებითი საღამო „მოგონებებით გაცოცხლებული წარსული“. მუზეუმში მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ვირტუალურ ფორმატში გაცნობოდნენ კომპოზიტორის უახლოესი გარემოცვის, თუმანიშვილების ოჯახის მოგონებებს. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ თუმანიშვილების ოჯახის შთამომავლები, რომლებმაც თავიანთი წინაპრებისა და ფალიაშვილების ოჯახის ურთიერთობებზე ისაუბრეს. შემოქმედებით საღამოზე ნაჩვენები იქნა ფილმი „რისთვის მიყვარხარ“, რომელიც კომპოზიტორის მუზის, ნადეჟდა ბუზოღლისა და ფალიაშვილის ურთიერთობის ისტორიის ამსახველია. ფილმი 2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერაა გადაღებული (რეჟ. ნარგიზა გარდაფხაძე).[2] ასევე განიხილეს ფალიაშვილის მემორიალური კომპლექსის აღდგენის კონცეფციის თანამედროვე ასპექტები. მაისშივე გაიმართა ქართული გალობის გადარჩენის საკითხებზე მსჯელობა. ლექცია-მოხსენებით სტუმრების წინაშე მოწვეული დარგის სპეციალისტი, მალხაზ ერქვანიძე წარსდგა. ლექციის ბოლოს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა; შესრულდა რამდენიმე ქართული საგალობელი. ივნისში გაიმართა კონცერტი აწსუ-ს საშემსრულებლო ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით (პედაგოგი: რამაზ კუბლაშვილი, კონცერტმაისტერი: მეგი ჭანტურია). 3 აგვისტოს კი ზაქარია ფალიაშვილის 150-ე დაბადების დღე პანდემიის გამო ვირტუალურ სივრცეში აღინიშნა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

იხილეთ ასევე

რედაქტირება
  1. მუსიკალური ინსტრუმენტები ქუთაისის სახლ-მუზეუმს დაუბრუნდა
  2. ქართული დოკუმენტალისტიკა — „რისთვის მიყვარხარ" აქტი I აქტი II