ლილი ნუცუბიძე
ლილი ნუცუბიძე დ. 21 ოქტომბერი, 1927, ქუთაისი — გ. 2002, იქვე) — ქართველი პოეტი, ფილოლოგი და ბიბლიოთეკარი. საქართველოს სსრ-ის კულტურის დამსახურებული მუშაკი (1973) საქართველოს ღისების ორდენის კავალერი (1997), ქუთაისის საპატიო მოქალაქე.[1]
ლილი ნუცუბიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 21 ოქტომბერი, 1927 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 2002 |
გარდაცვალების ადგილი | ქუთაისი, საქართველო |
საქმიანობა | პოეტი, ბიბლიოთეკარი და ფილოლოგი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1927 წლის 21 ოქტომბერს ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური სასწავლებელი 1948 წელს; 1953 წელს — ალექსანდრე წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.[2]
მუშაობდა პედაგოგიურ სასწავლებელში ბიბლიოთეკის გამგედ. 1950-1952 წლებში იყო ქუთაისის ქალთა I საშუალო სკოლის მასწავლებელი. გარკვეული პერიოდი მუშაობდა გაზეთ „სტალინელის“ რედაქციაში ლიტმუშაკად და გამომშვებად; 1952-1964 წლებში იყო ვ. კიკვიძის სახელობის ქუთაისის N1 საბავშვო ბიბლიოთეკის გამგე; 1964 წელს დაინიშნა ქუთაისის კულტურის განყოფილების უფროს ინსპექტორად, შემდეგ კი განყოფილების გამგის მოადგილედ; 1974-1987 წლებში მუშაობდა ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად; 1987 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების კონსულტანტად.
ლექსების წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. ავტორია ორმოცამდე პოეტური კრებულის.[3] პირველი ლექსები პრესაში გამოქვეყნდა 1954 წელს. მისი ნაწარმოებები სისტემატიურად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, კრებულებში, ალმანახებსა და ანთოლოგიებში.
1959 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული. თანაავტორია წიგნებისა: „ზაქარია ფალიაშვილი და ქუთაისი“ (1982), „პეტრე ჭაბუკიანი“ (1968). აგრეთვე ეწეოდა თარგმნელობით საქმიანობას. წერდა მხატვრულ ნარკვევებს, ლიტერატურულ წერილებს, გამოკვლევებს. ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში დაიდგა მისი რამდენიმე საბავშვო პიესა. მისი ლექსების მოტივებზე ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილია არაერთი სიმღერა. იყო სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანების წევრი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქალთა ორგანიზაციებში.
1997 წელს, ლილი ნუუცუბიძე მწერლობაში შეტანილი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით.[4] 2005 წლის 19 სექტემბერს ქუთაისის საკრებულოს N341 დადგენილებით ბასკეთის/ფალიაშვილის ქუჩის III შესახვევს მიენიჭა ლილი ნუცუბიძის სახელი.
ლილი ნუცუბიძე გარდაიცვალა 2002 წელს, 74 წლის ასაკში. დაკრძალულია ქუთაისში, ოღასკურას სასაფლაოზე[5]
2016 წლის 2 ივნისს მესხიშვილის თეატრში ლილი ნუცუბიძის საღამო გაიმართა, სადაც შესრულდა პოეტის ლექსებზე დაწერილი სიმღერები, „საყვარელო მამულო“, „შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება“ და სხვა. კონცერტი კომპოზიტორებმა რუსუდან სებისკვერაძემ და ნუნუ გაბუნიამ წაიყვანეს. სიმღერები შეასრულეს მაია ჯაბუამ, ეკა მამალაძემ, ნუკრი კაპანაძემ, გიორგი მეფისაშვილმა, ნინუცა ბედიაშვილმა, ქალთა ტრიომ და „თეატრალურის კვარტეტმა“.[6]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „დედა და პოეტი“ (1967)
- „ყველა ვარსკვლავი ციმციმებს შენთვის“ (1969)
- „ვინ მიამბობს ზღაპარს“ (1969)
- „ყველა ვარსკვლავი ციმციმებს შენთვის“ (1970)
- „გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ?!“ (1970)
- „ყვავილების დედოფალი“ (1972)
- „ლექსები“ (1972)
- „ლექსები“ (1975)
- „მამულო ჩემო“ (1975)
- „უცნობი კარუსელი“(1976)
- „ჩემი აკაცია“ (1978)
- „ვალი გადაუხდელი“ (1981)
- „ლექსები“ (1982)
- „მზე უღიმის პატარებს“ (1982)
- „ჩემი ლაჟვარდი“ (1986)
- „ფიფქის სიმღერა“ (1987)
- „ზამთარი მაინც არის ზამთარი“ (1988)
- „მოვდივარ შენთან“ (1989)
- „სიმღერა სიყვარულზე“ (1990)
- „მოლოდინი“ (1990)
- „მურიას თავგადასავალი“ (1992)
- „სიყვარული და ცრემლები“ (1993)
- „სათაფლიაზე ორი კვალია“ (1995)
- „ქუთაისისთვის რაც მიმღერია“ (1995)
- „თუ ვინმე გიყვარს“ (2008)
- „რაც გულზე ამოვიქარგე“ (2013)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლილი ნუცუბიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლილი ნუცუბიძის მოგონება — PSnews
- ლილი ნუცუბიძის ლექსები — Kids.ge
- ლილი ნუცუბიძის ლექსები — Poetry.ge
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ლილი ნუცუბიძე. Iverieli. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2020.
- ↑ ჩემი მეგობრის ბებია. მასწავლებელი.ge (30 ოქტომბერი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2020.
- ↑ ლილი ნოზაძე. kids.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 28 აგბისტო, 2020.
- ↑ ლ. ნუცუბიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (14 სექტემბერი, 1997). ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2020.
- ↑ ნუცუბიძე ლილი. Geonecropol.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-19. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2020.
- ↑ ლილი ნუცუბიძის „ამღერებული ლექსი“ მშობლიურ ქალაქში. Kutaisipost.ge (2 ივნისი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2020.