ქისათიბის დიატომიტის საბადო

ქისათიბის დიატომიტის საბადო — საბადო საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ურაველის ხეობაში. უნიკალური თვისებების მქონეა. საბადო აგებულია მიო-პლიოცენური ასაკის ვულკანოგენური ქანებით (გოდერძის წყება). წყების ზედა ნაწილში განლაგებულია დიატომიტის 5 ფენა, რომელთაგან ყველაზე მაღალხარისხოვანია ქვედა ფენა. მისი სისქე საბადოს სხვადასხვა უბანზე იცვლება 2,5-იდან 12,5 მ-მდე. საბადოზე არის დიატომიტის 4 სახეობა: ზოლიანი, ნაცრისფერი, ღია ნაცრისფერი და თეთრი. ამათგან ყველაზე მაღალხარისხოვანია თეთრი. ქისათიბის დიატომიტის საბადო ნედლეულს აწვდის ქიმიურ, საშენ მასალათა და მრეწველობის სხვა დარგებს.[1] ბოლო წლებში დიატომიტს ამერიკული კომპანია Agate-Diatomite LLC ამუშავებს. დიატომიტი გამოიყენება: საფილტრე ფხვნილების სახით სამედიცინო ხსნარების, ღვინის, ლუდის, ხილის წვენების და სხვა გასასუფთავებლად; ქრომატოგრაფიისთვის მყარი მატარებლების დასამზადებლად; შემავსებლების სახით ლაქების, საღებავების, ტექნიკური რეზინის, ლინოლიუმის, ქაღალდის, სარეცხი საშუალებების დასამზადებლად; როგორც წვრილდისპერსული დანამატი მინერალურ სასუქებში, პოლიმერულ კომპოზიტებში, ჰერმეტიკებში; როგორც სორბენტი ლაქტამური წყლების გასასუფთავებლად სინთეზური ბოჭკოს წარმოებაში.[2] ქისათიბის დიატომიტის საბადო ყოფილ სსრკ-ში იყო უდიდესი დიატომიტის საბადო; გააჩნია დიდი მარაგები (7,9 მლნ. ტონა, 1981).[3] დღეს საბადოს მარაგი 7 623.6 მ³ აღწევს.[2]

  1. ფერაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 537.
  2. 2.0 2.1 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016.03.06. ციტირების თარიღი: 2021.01.18.
  3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, საქართველოს სსრ, 1981 წელი.