ქვემო ხოდაშნის ორმოცის ეკლესია

ქვემო ხოდაშნის ორმოცის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ ქვემო ხოდაშნის სამხრეთ-დასავლეთით 0,5 კმ-ზე, პატარა ხევის პირას, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია ჩვეულებრივი, ერთნავიანი სამლოცველოა (3,5 X 2,5 მ). ნაშენია რიყის ქვის ირეგულარული წყობით. დაზიანებულია: დანგრეულია ჩრდილოეთის კედელი და აფსიდის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩაქცეულია კამარის ჩრდილოეთ გვერდი და კონქის ნაწილი. კედლებს გარედან, დიდ ფართობზე საპირე წყობა ჩამოშლილი აქვს. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი გარედან თაღოვანია (ნახევარწრიული თაღისგან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ გვერდი). შიგნიდან კი, თარაზულად, ხის ძელებითაა გადახურული, აფსიდი ნახევარწრიულია. აფსიდის კედელი გრძივი კედლების უშუალო გაგრძელებაა. აფსიდის ღერძზე თაროვანი სარკმელია გაჭრილი, რომელიც ოდნავ მაღლაა „ატანილი“, იმდენად, რომ მისი ნაწილი კონქის ფარგლებშია მოქცეული. ერთი, შიგნიდან და გარედან ოთხკუთხა სარკმელი ეკლესიის დასავლეთ კედელშიცაა. აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ, კედელს, რიყის ქვით ნაგები ტრაპეზი ეკვრის. აფსიდის გვერდებზე თითო, მცირე ზომის სწორკუთხა ნიშაა. საკურთხეველი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომელიც კამარისგან შეკიდული თაღითაა გამოყოფილი.

ლიტერატურა

რედაქტირება