ქეჩი კალე
ქეჩი კალე — ციხე თურქეთში ქალაქ გუმუშხანესაგან დასავლეთით, ცენტრიდან 17 კმ-ის დაშორებით. ციხე უშუალოდ აშენებულია გუმუშხანე ბაიბურთის გზის პირას, მდინარე ხარშიტის მარჯვენა მხარის ჩრდილოეთ კუთხეში არსებული უზარმაზარი კლდის თავზე. კლდის წვერი მოსწორებულია და ქმნის საკმაოდ დიდ ფართობს. იგი ზღვის დონიდან 1560 მეტრზეა. კლდოვანი ბორცვი, რომელზედაც ციხეა აღმართული, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენაა დამხრობილი. ციხის გეგმასაც მთლიანად კლდის კონფიგურაცია განსაზღვრავს. ციხეს მისადგომი ორი მხრიდან აქვს. აღმოსავლეთის მხარეს არსებული გზა შედარებით იოლია. ციხის გალავნის კედლებში დატოვებულია შესასვლელისათვის განკუთვნილი ჭრილი დასავლეთის მხარესაც. ციხის გალავნის კედლები სამმხრივ-სამხრეთით, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, თითქმის მიუვალია. შიდა სივრცის სიგრძე 80 მ-მდეა. სიგანე კი-28 მ. ყველაზე ვიწრო ადგილი 17 მ-ია. ციხე სამხრეთიდან 200 მ და ჩრდილოეთიდან 140 მეტრ მანძილზე შემოსაზღვრულია ფართო კლდით. ციხის მშენებლობისას მაქსიმალურად გამოუყენებიათ კლდის ბუნებრივი შვერილები. კედლის სიგრძე ალაგ-ალაგ 7-15 მ-ია, სისქე 1,50 მ. ძველი გალავნის კედლების წყობების მცირე ნაწილია შემორჩენილი. ეს ციხეც თანამედროვე თურქ რესტავრატორებს მთლიანად აღუდგენიათ. ამის გამო ძველი გეგმის დაჭერა მთლიანობაში ჭირს. ძველი წყობები შედარებით კარგადაა გადარჩენილი სამხრეთი გალავნის კედელში. აქა-იქაა შემორჩენილი დანარჩენშიც. ციხის შიდა სივრცეში ფიქსირდება სხვადასხვა ტიპის ნაგებობათა ნაშთებიც. სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში წყლის რეზერვუარებია. პირველი სათავსოს სიგრძე 10 მ, სიგანე 3,70 მ. იგი მთლიანად დიდი ზომის ქვებითაა აშენებული. მეორე სათავსოსათვის კედლებად კლდის ჩამოთლილი კედლებია გამოყენებული. მისი სიგრძე 6,20 მ-ია, სიგანე-4,5 მ. გალავნის ჩრდილოეთ კედელთან მდებარეობს მართკუთხა გეგმის თაღიანი შენობის ნაშთებიც. არაა გამორიცხული ისინი საღვინე სახლებად ან სურსათის შესანახ საწყობებად ყოფილიყო გამოყენებული. ამ ტიპის ნაგებობები შავშეთში, წეფთის ციხის ტერიტორიაზეცაა კარგად შემონახული. ციხის დასავლეთ კუთხეში დატანილია კოშკი, რომელიც თავის დროზე ოთხკუთხა გეგმის უნდა ყოფილიყო, თუმცა აღდგენის გამო ძველი იერსახე დაკარგული აქვს. იგი დღეისათვის ოვალური მოყვანილობისაა. კოშკის გვერდით ასევე დასავლეთი კედლის ჩრდილოეთით, დაახლოებით 15 მ სიგრძის ბუნებრივი კლდის ნაწილში, სამალავია განთავსებული. მის შესასვლელში შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი კედელია აშენებული ციხეს დასავლეთის მხარეს კლდოვან ნაპრალებში დამატებით ჰქონია საიდუმლო გვირაბი, რომლის შესასვლელი საგანგებოდ ყოფილა გამაგრებული კედლით. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ციხის გარეთა ჩრდილოეთი ტერიტორია. ამ მხარის ფარიალო კლდის ძირში თითქოსდა ცალკე ნაგებობად გამოიყურება დიდი მოცულობის ციხის ნაშთები. მშენებლებს კარგად გამოუყენებიათ ბუნებრივი შესაძლებლობები და დიდი ზომის დამცავი ნაგებობა აღუმართავთ. კლდის ძირის როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ მხარეს, ქვის შვერილები ხეობისაკენ ეშვება. შვერილებს შორის მოქცეული საკმაოდ დიდი სივრცეები მშენებლებს ამოუშენებიათ და საკმაოდ მყარ კედლებად უქცევიათ. აღმოსავლეთის მხარის ყველაზე შემაღლებულ კლდოვან ბორცვზე მოზრდილი კოშკიც დაუშენებიათ. დღემდე მოღწეულია მისი კედლების ნაშთები. კოშკიდან სამხრეთით სალ კლდემდე მოზრდილი კედელი ჩაუშენებიათ. ასეთივე კედლის ნაშთებია დაცული დასაწყისშიც. იგი საკმაოდ კარგადაა შემონახული. მისი სიგრძე 12 მ-მდე აღწევს, დაცული მაქსიმალური სიმაღლე კი-5,30 მ-ს. ასევე კარგად გაუმართავთ და გაუმაგრებიათ დასავლეთი ნაწილიც. აქაც შემონახულია დიდი ნაწილი ჩაშენებული კედლებისა. გვერდითი კედლების ბოლო მონაკვეთები საკმაოდ გრძელი გალავნის კედლით შეუკრავთ. ეს კედელი დღეისათვის საკმაოდ დაზიანებულია. შედარებით კარგად შემორჩენილია მისი დასავლეთი მონაკვეთი. ცენტრალურ ნაწილში აქა-იქაა დაცული წყობები. აღმოსავლეთით კი საძირკვლის დონემდეა მორღვეული. ამ კედლის საერთო სიგრძე დაახლოებით 60-65 მ-ს აღწევს. ამ გრძივ კედელს ემჩნევა სხვადასხვა დროში ნგრევისა და აღდგენის კვალი. ეს არცაა გამორიცხული, რადგან საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი დარტყმა ამ მხრიდან იყო მოსალოდნელი. იგი ერთადერთი წერტილია ქეჩი კალეს ამ მთელ სისტემაში, სადაც ხეობიდან იყო შედარებით იოლი მისადგომი. რაც შეეხება კლდის შვერილებს შორის ჩაშენებულ გვერდით კედლებს, აქ ქვედა წყობები კარგადაა დაცული და მათი თავდაპირველი სახე კარგად იკითხება. ციხის კომპლექსში ასევე ყურადღებას იქცევს ჩრდილოეთი ფრიალო კლდის ცენტრალური მონაკვეთი. აქ დედა ქანისაგან ხეობისაკენ წინ წაზიდულია ნახევარწრიული გეგმის კლდოვანი ბორცვი. ციხის მშენებლებს მის თავზე, ასევე ნახევარწრიული გეგმის კოშკი დაუშენებიათ. მისი ზედა ნაწილი დანგრეულია. შედარებით კარგადაა შემორჩენილი აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და ნაწილობრივ დასავლეთი კედლების ნაშთები. ეს კოშკი ზემოდან დაჰყურებს ქვედა ციხეს და ამავე დროს დამატებით ამაგრებს კლდის თავზე არსებულ ქეჩი კალეს. მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, იგი შეიძლებოდა სასიგნალო ფუნქციასაც ასრულებდა. ასე, რომ ციხის ჩრდილოეთი მხარის ძირში საკმაოდ დიდი ზომის დამატებითი ნაგებობაა, რომელიც როგორც ჩანს ისედაც ძნელად მისადგომ ქეჩი კალეს უმაგრებდა ჩრდილოეთ მხარეს. არაა გამორიცხული, იგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლებოდა გამოყენებულიყო, როგორც ცალკე მომიჯნავე საფორტიფიკაციო ნაგებობა. რაც შეეხება როგორც ზედა, ისე ქვედა ციხის საამშენებლო ხელოვნებას, აღვნიშნავთ, რომ როგორც ერთ, ისე მეორე ნაგებობის კედლებს მიუხედავად საკონსერვაციო სამუშაოების შედეგად შეცვლილი სახისა, კარგად ემჩნევა სხვადასხვა დროში ნგრევისა და აღდგენის კვალი. ზედა, ქეჩი კალის გალავნის კედლების ქვედა დონეზე აქა-იქ შემონახულია საშუალო ზომის გვერდებ ჩამოსწორებული ქვების წყობები, სადაც დუღაბის ფერი ვიზუალურად გარედან არ ჩანს. ამ ტიპის ნაგებობებს შორის რიგები მეტნაკლებად დაცულია. გალავნის კედლების მომდევნო ნგრევების შედეგად აღდგენილი კედლებიც ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებიან. განსხვავებულია ქვის ზომებიც, ფერიც, რიგებიც და კირის ხსნარის სხვადასხვა დოზით გამოყენების შემთხვევებიც. მეტნაკლებად ასეთივე სიტუაციაა ქვედა ციხის გალავნის წყობებშიც. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს მის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთში და დასავლეთის მხარის შემორჩენილ კედლებში. რაც შეეხება აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ ნაშთებს, აქ კედლის წყობებში კარგად ჩანს დამუშავებული ქვებით გამართული ჰორიზონტალური რიგები. ასე, რომ ციხის მშენებლობაში გამოიყოფა მშენებლობის რამდენიმე პერიოდი. ყველაზე ადრეული - ქვედა ციხის კედლები ადრე ბიზანტიური ხანის უნდა იყოს, დანარჩენი კი ტრაპიზონის და ოტომანთა იმპერიების დროინდელი. დასავლეთი კოშკი კიდევ უფრო გვიანდელია. შესაძლებელია 1829 წ რუსული ოკუპაციის დროინდელიც კი. შესაძლებელია ადრეული საამშენებლო დონე, ადგილობრივ, ჭანურ მოსახლეობას დავუკავშიროთ. ფაქტობრივად, ამის ალბათობას ბრაიერი და ვინფილდი ქალდიისადმი მიძღვნილ ზოგად მიმოხილვაში, 22-ე თავის შესავალში რეგიონის ყველა მნიშვნელოვანი ციხის მიმართაც არ გამორიცხავენ . ციხესთან ახლოს მდებარე სოფელ ქვედა ჰურუსუფლას სამხრეთით, 3,2 კმ დაშორებით არის კარგად ნაშენი მოპირკეთებული ქვებისაგან შედგენილი კედლების ნაშთები. როგორც ამბობენ, აქ ყოფლა ციხე. ირგვლივ ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილა ბრინჯაოსა და ოქროს მონეტები, ტერაკოტა, წყლის მილები რაც აქ რომაელების არსებობაზე მიუთითებს. უხუცესებს ახსოვთ ტრაპიზონიდან მომავალი და ასევე გუმუშხანედან ერზიჯანამდე აქ გამავალი ძველი გზა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2019, გვ. 31-34 ISBN 978-9941-8-1990-2