ქეიფიძველ თბილისში მრავლად იყო საქეიფო ადგილები: ორთაჭალისა და კრწანისის ბაღები, ორთაჭალის ჩარდახები, თბილისური სარდაფები და დუქნები - „დიონისეს ქოხები“. იმართებოდა „რიგის პური“, რომლის მონაწილენიც რიგრიგობით ცდილობდნენ თავი გამოეჩინათ კერძების მრავალფეროვნებით და კარგით ღვინით. ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა ქალაქის ქუჩებში თაკარა სიცხე ჩამოწვებოდა, თბილისელი კაცი, თავის ამფსონებთან ერთად, ვინ ფაეტონით, ვინ ეტლით (ზედ შეგდებულ-შეგორებული ცხვირითა და კახური ღვინით სავსე ტიკით), ვინ კიდევ ფეხით ორთაჭალის ბაღების მიაშურებდა. ეს იყო „მწვანე სამეფო“, სადაც დარბაისლური ქალქური პურმარილი იმართებოდა; ისმოდა მოსწრებული სიტყვა-პასუხი, სადღეგრძელოები. მეზობელ სუფრაზე მსხდომთ მორიდებით და პატივისცემით ეპყრობოდნენ და თავიანთ პურღვინოზე თავაზიანად იწვევდნენ:

ვიკიციტატა
„ღარიბის ლუკმა გემრიელიაო, ხო მოგეხსენებათ; ერთი ჭიქა ღვინო შეირგეთ.“

ორთაჭალის ბაღებში მისვლა მტკვრის მარჯვენა ტოტზე გადებული, კოფოებზე შემდგარი ხის ხიდით შეიძლებოდა, ნავითაც გადადიოდნენ. ორთაჭალაში იყო ყარაჩოხელისა და მოკრივის ნიკალა ცაცაშვილის რესტორანი „ელდორადო“. ორთაჭალის ხშირი სტუმარი ყოფილა პოეტი გრიგოლ ორბელიანი, რომელმაც თავის ცნობილ „მუხამბაზში“ მოკრივე-მოქეიფეს – მეთევზე ლაპიანას ასე ათქმევინა:

ვიკიციტატა
„ორთაჭალის ბაღში მნახე ვინა ვარ,

დარდიმანდის ლხინში მნახე ვინა ვარ!

ჯამით ტოლუმბაში მნახე ვინა ვარ?..“

ორთაჭალის ბაღებში დუდუკის ტკბილ ჰანგზე ისმოდა ქალაქელ აშუღთასაიათნოვას, ბეჩარას, ჰაზირას, შამჩი მელქოს, იეთიმ გურჯის ლექსები.

ქალაქელმა კაცს შრომაც და ლხინიც დარბაისლური ჰქონდა, მოქეფეთაგან შორს იყო ჩხუბი და აყალმაყალი. მათ სადღეგრძელოებში ჩაქსოვილი იყო კაცთმოყვარეობა, ცხოვრებისეული ფიქრი, სიხარული და ტკივილი:

ვიკიციტატა
„ქვეყანა ზღვაა, მიდის კაცი, ზოგს ატივტივებს,ზოგს დასძირავს. რისგან არის? ადამიანის სიბოროტის, შურის და ავგულობისაგან.“

ყოველ სადღეგრძელოს მიჰყვებოდა დუდუკის ტკბილი ჰანგი, რომელიც ღვინისაგან შეზარხოშებულთ ცხოვრების სითბოსა და სილამაზეს აგრძნობინენდა, მოქეიფეებს ახლობლებს ახსენებდა, აეყვარებულს სიყვარულის ცეცხლს უღვივებდა, ცხოვრებაში წაბორძიკებულს იმედს უნერგავდა.

თბილისს ბაღებისა და დუქნების გარდა, ქალაქელები მტკვარზე – ნავსა და ტივზე ქეიფობდნენ. ტივზე აჰქონდათ მაყალი, იქვე კლავდნენ ბატკანს, გაისმოდა დუდუკით შებერილი „შუსტარი“ და იწყებოდა ქეიფი. ღამით ტივზე ქეიფი თეატრალიზებულ, რაღაც „მისტერიულ“ სახეს ატარებდა - მთვარის შუქზე, მტკვრის ტალღებზე ირეკლებოდა მოქეიფეთა გრძელი, მოლაცლაცე ჩრდილები, ქალაქში ჩამოწოლილ ღამის წყვდიადს არღვევდა მტკვრის ყრუ ხმაურს შერწყმული, ნემსის ყუნწში გამძვრალი დუდუკის ჯადოსნურ ჰანგს აყოლილ მოქეიფეთა სადღეგრძელოები და სიმღერა.

დუდუკის ჰანგი, მოქეიფეთა სიმღერასთან ერთად, ჩაძინებულ თბილისს ნანასავით ჩაესმოდა. ქეიფში, პურმარილში ღამენათევი მეინახენი გათენებისას, დუდუკზე აკვნესებულ დილის საარზე, ქეიფს თბილისის საქვეყნოდ განთქმულ გოგირდის აბანოებში აგრძელებდნენ. ცხელი აბაზანისა და ლაზათიანი ქისის შემდეგ, „სუფრა“ თათარიახნად, ზედ აუზის თავზე „იშლებოდა“ და კვლავ ისმოდა მოქეიფეთა ფრთიანი სადღეგრძელოები.

თბილისში განთქმული იყო „ქოსების დუქანი“, „ბაბაჭუას დუქანი“ და სხვა. დუქნის პატრონი მუშტრის მისაზიდად, ცნობისმოყვარე მუშტრის თვალის მისატაცებლად თავის დუქანს ეგზოტიკურ სახელს არქმევდა და მხატვრულად გაფორმებულ აბრას უკეთებდა. მაგალითად:

ვიკიციტატა
„ნე უეზჟაი, გოლუბჩიკ მოი.“
ვიკიციტატა
„სანდრო, ნალეი პივა, თორემ თავი მტკივა.“
ვიკიციტატა
„ზოლოტიე გოსტი“
ვიკიციტატა
„ზოლოტოე ვრემია.“
ვიკიციტატა
„სამ პრიშოლ.“
ვიკიციტატა
„ედემი.“
ვიკიციტატა
„თუმნით ვქეიფობ.“
ვიკიციტატა
„პივნაია აზია, გვერდს მიზის ლამაზია.“

ქალაქის პირველი კლასის რესტორნები თავიანთ კლიენტებს - თბილისის მაღალი წრის წარმომადგენლებს - პრესაში გამოქვეყნებული რეკლამის საშუალებით სთხოვდნენ მობრძანებას:

ვიკიციტატა
„სასტუმრო პურ-ღვინო. გოლოვინის პროსპექტზე, მანთაშევის სახლში. მზადდეა ყოველ დღე როგორც ევროპული, აგრეთვე ადგილობრივი ყველანაირი საჭმელები. სასტუმროს გამართულიაქვს განსაკუთრებული საოჯახო ოთახები (კაბინეტები). ეზო (ტერასა) მშვენივრად მოწყობილი ყვავილებით და შადრევებით... სასტუმროს პატრონი იაგორ გურგენის ძე მამინაშვილი...“

ამ რესტორნებში სტუმართა გასართობად პროფესიონალ მომღერლებს, მოცეკვავეებს, ორკესტრებს იწვევდნენ, სუფრაც ევროპეიზებული იყო, მაგრამ ძველი ქალაქური ლხინის შნო და პეწი აქაც ტრიალებდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 894-895