ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქეთი ხანთაძე (დ. 1961) — ქართველი ენათმეცნიერი, მწერალი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1961 წელს ბალიქესირის გონენის რაიონში, სადაც ექვსი სოფელია ქართველი მუჰაჯირების შთამომავლებით დასახლებული. ქეთი ხათაძის წინაპრები ბათუმიდან იყვნენ. ისინი 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს გადაუსახლებიათ ანატოლიაში.

ქეთი ხანთაძემ ბავშვობა და ახალგაზრდობის რამდენიმე წელი პატარა დაბაში გაატარა, დაწყებითი და საშუალო სკოლა გონენში დაამთავრა. 1978 წელს დაამთავრა თექირდაღის ქალთა პედაგოგიური ლიცეუმი, 1984 წელს კი ანკარის ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1995 წელს სტამბოლის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო სწავლის კურსი არ დაუსრულებია. იგი ლიტერატურულ საქმიანობასთან ერთად ქართული კულტურის პოპულარიზაციით არის დაკავებული.

1989 წელს ქევსერ რუჰი პირველად ჩამოვიდა საქართველოში. იმყოფებოდა ბათუმში, თბილისში, ყაზბეგში. ამ მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები ერთ წინადადებაში მოექცა „ანკარისა და თბილისის მონატრებათა შორის გავიჭედე.“

ქევსერ რუჰი თურქეთსა და საქართველოში ცნობილი მწერალია, ხუთი წიგნის ავტორი, რამდენიმე წიგნის რედაქტორი და არაერთი პრემიის მფლობელი. 2004 წელს გამოიცა ქევსერ რუჰის მოთრხობების პირველი კრებული „ქარვის ქალები“, რომელსაც თურქეთში საუკეთესო პირველი წიგნისათვის დაწესებული ნაჯი გირგინსოის პრემია მიანიჭეს. 2009 წელს გამოვიდა მეორე კრებული „ჭოროხივით მოღელავდა შენი გრძელი თმები“. კრებულს მიენიჭა ორი ჯილდო: თურქი მწერლის ორჰან ქემალისა და ცნობილი ჟურნალისტის რეჰა მაიდენის სახელობის პირველი ხარისხის პრემია. გამოსცა „ფერადი თურქული სინემასკოპი“ და „ფერების თამაში“ – 11-15 წლის ასაკის მოზარდებისთვის. წიგნებს თურქეთში დიდი მოწონება ხვდა წილად.

ქეთი ხანთაძე რედაქტორობდა თურქულ-ქართულ ენებზე გამომავალ ჟურნალ „ფიროსმანს“, ასევე ჟურნალ „მაჭახელს“. თურქულ ენაზე მისი რედაქტორობით გამოიცა დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“. ქართულიდან თურქულად თარგმნა ამირან (პაკო) სვიმონიშვილის ლექსები, გალაკტიონის რამდენიმე ლექსიკი პოეზიის საერთაშორისო დღეზე წარადგინა სტამბოლში.

ქევსერ რუჰი ორი წლის მანძილზე ქართულ ენას ასწავლიდა ანკარაში გახსნილ ართვინის კულტურულ ცენტრში. წლების მანძილზე ინტენსიურად მუშაობდა ქართული ენის სწავლების პროგრამაზე, რაც თურქეთის საგანმანათლებლო სისტემაში ქართული ენის სასწავლო პროგრამაში დამტკიცებით დაგვირგვინდა. 2004 წელს ქეთი ხანთაძემ და მისმა თანამოაზრეებმა თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტროსგან მოითხოვეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. 2012 წელს კი მოითხოვეს, ქართული ენა არჩევითი საგანი ყოფილიყო. 2013 წელს მწერალმა და თარჯიმანმა ფაჰრეთ ინ ჩილოღლუმ სასწავლო პროგრამა და ქართული ენის სწავლების ნუსხა მოამზადა. აღნიშნული სამუშაო 2014 წელს თურქეთისა და საქართველოს პედაგოგთა, სპეციალისტთა და თარჯიმანთა ჯგუფმა გააგრძელა. ქართველი სპეციალისტების მიერ მომზადებული პროგრამა თურქულად მარიამ გაფრინდაშვილმა თარგმნა, რედაქტირება კი ქევსერ რუჰის ეკუთვნის. აღნიშნულ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის თურქეთში ქართული კულტურის სახლს და მის ხელმძღვანელს ერდალ ქუჩუკს (ელიზბარ ციმნარიძე). მრავალი ადამიანის ერთობლივი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტროს დადგენილებით 2014 წლიდან თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის საგანი სწავლების 224 საათიან პროგრამას ითვალისწინებს. თურქეთის ყველა საშუალო სკოლაში 10 და მეტი მსურველის შემთხვევაში სკოლის ხელმძღვანელობა ვალდებულია V, VI, VII. VIII კლასებში უზრუნველყოს ქართული ენის სწავლება.

2014 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ქევსერ რუჰს ოქროს საწმისის ორდენი გადაეცა ქართულ-თურქულ კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ქევსერ რუჰი ანკარაში ცხოვრობს. მუშაობს თურქეთის რესპუბლიკის ელექტროქსელის გენერალურ სამმართველოში, პრესისა და პროტოკოლის განყოფილების დირექტორის მოადგილედ. ჰყავს ქალიშვილი ზეინაბი – დილა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „დედა ენა თურქეთში“ ისტორიანი: ისტორიულ–შემეცნებითი ჟურნალი, ლ. პაპასკირი, თბ., 2015, იანვარი, №1 (49), გვ. 77-82
  • თურქეთი ჩემი სამშობლოა, დედა სამშობლო კი – საქართველო!: ინტერვიუ, ქ. რუჰი; ესაუბრა მ. ყიფიანი, ახალი განათლება, თბ., 2015, 26 თებერვალი, 4 მარტი, №8, გვ. 6-7
  • ჩვენებურები: შენი ჭირიმე; ბებიაჩემი: მოთხრობები, ქეთი ხანთაძე; თურქულიდან თარგმნეს ნანა კაწარავამ და ნანა ჯანაშიამ, რეზონანსი. გალაკტიონი, 201, 1 აგვისტო, №13 (6426), გვ. 6-7

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქეთი_ხანთაძე“-დან