ქართული ცხრატყავა
ქართული ცხრატყავა (ლათ. Lonicera Iberica) — მცენარე ცხრატყავასებრთა ოჯახისა. ძლიერ დატოტვილი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 0,5 — 1,5 მეტრს აღწევს. ხეშეში, გაფარჩხული ყლორტები აქვს. ყვავილები მოყვითალო-თეთრია, წყვილ-წყვილად სხედან ფოთლების იღლიებში. ნაყოფი კენკრაა, კაშკაშა წითელი ფერის. ხნიერ ტოტებზე კანი თხელ ფურცლებად სძვრება და რამდენიმე ფენადაა ჩამოკიდებული (აქედანაა სახელწოდება „ცხრატყავაც“).
იზრდება ქსეროფილურ მეჩხერ ტყეებსა და ბუჩქნარებში, მშრალსა და ხრიოკ ადგილებზე, უმეტესად მთის ქვედა და შუა სარტყელში, იშვიათად ზღვის დონიდან 2500 მეტრამდე. გავრცელებულია აღმოსავლეთ კავკასიონზე, დაღესტანში, ცენტრალურ სამხრეთ-აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, ჩრდილოეთ ირანში, ქურთისტანსა და თურქეთის სომხეთში. უხვადაა მცხეთის მიდამოების დეგრადირებულ მუხნარებსა და ჯაგნარებში.
დეკორაციული ბუჩქია. ევროპაში დიდი ხანია შეტანილია კულტურაში. აქვს ძლიერ მკვრივი, მაგარი და ლამაზი მერქანი. იყენებენ სახარატო საქმეში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქიმერიძე კ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 487.