ქართული ხალხური დედოფალები

(გადამისამართდა გვერდიდან ქართული თოჯინები)

ქართული ხალხური დედოფალები — ადამიანთა მიმსგავსებით გაკეთებული თოჯინები. მრავალი საუკუნის მანძილზე მათ მაგიური წეს-ჩვეულების შესრულებისას იყენებდნენ. რაჭაში ბზობის კვირას ბავშვების მსვლელობა იმართებოდა, ეწოდებოდა „დედოფლობანა“. ერთ-ერთ ბავშვს ხელში დედოფალა ეჭირა, დანარჩენები სიმღერით ჩამოივლიდნენ მეზობლის სახლ-კარს, დალოცავდნენ მათ და სანაცვლოდ კვერცხებს აძლევდნენ.დედოფალებს სამეურნეო დანიშნულებაც ჰქონდა. ბოსტანში ფრინველების შესაშინებლად იყენებდნენ ე. წ. „საფრთხოლის“ (საფრთხობელა, ქართლში მოხსენებულია, როგორც „ბოსტნის დედოფალა“, კახეთში — „ბოსტნის კუკი“. მათ დიასახლისები ნათესის მოვლა-პატრონობას ეხვეწებოდნენ. ცნობილი იყო ე. წ. „სურდოს დედოფალა“, რომელსაც აკეთებდნენ „ბატონების“, „ყივანახველას“ და სხვა დაავადებების დროს. გადაჯვარედინებულ ჯოხებზე ღილს აკერებდნენ, ზედ გადააკრავდნენ თეთრს ქსოვილს; შავი ძაფით ამოქარგავდნენ თვალ-წარბს, ხოლო თავზე ახურავდნენ რკოს ქუდს. კალთაზე დაკერებულ ჯიბეში ჩაუდებდნენ შაქარს, დედოფალას შორს გადააგდებდნენ. ასე „გაისტუმრებდნენ“ ხოლმე ავადმყოფობას.

სათამაშო დედოფალათა განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოადგენს მოძრავი დედოფალები. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ VII საუკუნეში უკვე არსებობდა „კუკების თამაში“ (თოჯინების თამაში). თუშეთში, კახეთში, სამეგრელოსა და ხევსურეთში კუკა-მარიონეტების თეატრის არსებობაც არის დამოწმებული. მთიულეთში თოჯინებს „ძიძი-ქალებს“ უწოდებდნენ, სვანეთში-„მოშპარდალ“. მათაც ან ჯოხისგან აკეთებდნენ, ან — მატყლისგან. ზოგ მათგანს სახსრებში ზონარი ჰქონდა გამობმული, რისი გამოწევითაც ამოძრავებდნენ დედოფალებს.

დედოფალებს ნაირნაირი სახელწოდება გააჩნდა: „თოჯა-გოგო“, „ტიკინა“, „გუგა“, „კუკნა“, „კუკი“, „ძონძი-კუკი“, „თოჯა-ბიჭი“, „შვილიკა“ და სხვ. თოჯინის სვანური სახელწოდება „დალ“, რომელიც იქაური ნადირობის ქალღმერთის სახელია, მოწმობს იმაზე, რომ დედოფალები თავდაპირველად ღვთაებათა გამოსახულებას წარმოადგენდნენ.


ლიტერატურა

რედაქტირება
  • ღოღობერიძე ნინო, ქართული ხალხური დედოფალების კატალოგი, თბ.: გამომცემლობა „მეცნიერება“, 1968.