ქაბულის სახალხო აჯანყება
ქაბულის სახალხო აჯანყება — სისხლისმღვრელი დაპირისპირება ავღანეთში მცხოვრებ მოსახლეობას და ოკუპანტ ინგლისს შორის.
1879 წლის 26 მაისს ქაბულსა და ჯალალაბადს შორის მდებარე დაბაში (განდამაკში) ხელი მოაწერეს ინგლის-ავღანეთის საზავო ხელშეკრულებას, რომელიც კაბალურ ხასიათს ატარებდა. ხელშეკრულებით ავღანეთი კარგავდა დამოუკიდებლობას და ინგლისზე დამოკიდებული სახელმწიფო ხდებოდა. ავღანეთს ეკრძალებოდა გარესამყაროსთან უშუალო ურთიერთობა. ყანდაარის ოლქი და ავღანეთ-ინდოეთის საზღვრის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რაიონები ჰაიბერის, გოლანის და გოპალის მთიანი გასასვლელები ინგლისის ხელში იყო. ომის შემთხვევაში ინგლისელები ღებულობდნენ ავღანეთში ჯარების შეყვანის უფლებას. ავღანეთის ამირას ენიშნებოდა ყოველწლიური სუფსიდია 600 000 რუპიის რაოდენობით.
ინგლისის პირველ რეზიდენტად დანიშნეს განდამაკის ხელშეკრულების ავტორი პიერ ლუი ნაპოლეონ კავანიარი, რომელიც ქაბულში ჩასვლისთანავე უხეშად ჩაერია ავღანეთის საშინაო საქმეებში. ინგლისელი რეზიდენტის თვითნებობამ და ამირა მუჰამედ იაკუბ-ხანის კაპიტულაციამ აღაშფოთა ქაბულის მოსახლეობა და ჯარისკაცები. 1879 წლის სექტემბერში ქაბულში იფეთქა საყოველთაო-სახალხო აჯანყებამ. ქალაქის აჯანყებულმა მოსახლეობამ და ამირას ჯარის ნაწილებმა ალყა შემოარტყეს ბალა-ჰისარს, სადაც მოთავსებული იყო ინგლისის სარეზიდენტო და ამოხოცეს იქ მყოფი ყველა ინგლისელი. ქაბულის აჯანყებამ გამოხმაურება ჰპოვა მთელს ავღანეთში. აჯანყებულთა დასახმარებლად მაშინვე დაიძრნენ თავისუფლების მოყვარე მეომარ ტომთა საბრძოლო შენაერთები. ავღანელ ტომთა ლაშქართან ერთად ინგლისელი ოკუპანტების წინააღმდეგ გამოვიდნენ ტაჯიკები, უზბეკები და ავღანეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი. აჯანყებულებმა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს დაპყრობილი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი და დიდი ზიანი მიაყენეს მათ. ინგლისელებმა დიდი ზარალი განიცადეს და დაკარგეს დაპყრობილი ბაზების უმრავლესობა. ისინი იძულებულები გახდნენ ახალი არმია დაეძრათ ინდოეთიდან ავღანეთისაკენ.
1879 წლის შემოდგომაზე ავღანეთში შეიჭრნენ ინგლისურ-ინდური არმიის დიდი შენაერთები გენერალ ფრედერიკ რობერტსის ხელმძღვანელობით. ინგლისელებმა სადისტური სისასტიკით ჩაახშეს ავღანელთა წინააღმდეგობა. ქაბულის გარნიოზის შეუპოვარი წინააღმდეგობის მიუხედავად ინგლისელებმა შეძლეს ავღანეთის სატახტო ქალაქის აღება. გენერალ ფრედერიკ რობერტსის ბრძანებით ინგლისის მხედრიონმა ხელი მიჰყო ქალაქის მოსახლეობის მასობრივ დასჯას. სახელდახელოდ აღმართულ სახრჩობელაზე ერთდროულად კიდებდნენ 40-50 კაცს. მათ არ დაინდეს უმაღლესი სასულიერო წარმომადგენლებიც კი იმისთვის, რომ ისინი მოუწოდებდნენ უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ ენერგიული ბრძოლისაკენ. მათი ბარბაროსული შურისძიების მსხვერპლი გახდა ათასობით მოლა, რომლებიც მეჩეთებში ცოცხლად დაწვეს.
ყოველივე ამან უფრო გააძლიერა ავღანელი ხალხის წინააღმდეგობა. სულ მალე 100 000-მა აჯანყებულმა ალყა შემოავლო ქაბულს და ინგლისის არმია შერპურის გამაგრებულ ბანაკში ჩაკეტა. ინდოეთიდან მაშველი ძალების მიღების და ფეოდალთა ნაწილის მოსყიდვის მიუხედავად ოკუპანტთა მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა.
1880 წლისთვის ინგლისელებმა დაკარგეს თითქმის მთელი დაპყრობილი ტერიტორია. ასეთ ვითარებაში ინგლისელები იძულებულები გახდნენ, ხელი აეღოთ ავღანეთის დაპყრობის განზრახვაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. დონაძე, აზიისა და აფრიკის ქვეყნების ახალი ისტორია, გამომცემლობა „განათლება“ თბ., 1983, გვ. 257